ტურისა და მთლიანად მიმდინარე ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს გათამაშების 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა: თსუ “ქუთაისის” წინააღმდეგ. სახელმწიფო უნივერსიტეტელებს აქამდე 4 მატჩში ჰქონდათ მოგებული, იმერულ კლუბს კი – 3. შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა და მას უნდა გაერკვია მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი. მატჩი რეგიონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” 17 ქულის სხვაობით – 90:73 (სტატისტიკა) სძლია ლექსო ლაფანაშვილის თსუ-ს და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.
არადა, მატჩი თსუ-ის უპირატესობით დაიწყო. მიხეილ ბერიშვილის, რაილ ოუენსის და ნიკა დარბაიძის ზუსტ შორ სროლებს თბილისელთა სენეგალელი ცენტრის, პაპ დიოპის ფარქვეშა აქტიურობაც დაერთო და მასპინძლების ლიდერობა 10 ქულას ასცდა. პირველი პერიოდი თსუ-მა 26:19 მოიგო და წარმატებული თამაში მეორეშიც გააგრძელა, თუმცა ტაიმის დასკვნით წუთებში ქუთაისელებმა შეხვედრის გარდატეხა შეძლეს. მედგარი დაცვითა და შეტევაში სტაბილური სროლა-გარღვევებით ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს, შემდეგ კი წინაც გავიდნენ. დიდ შესვენებაზე ქუთაისელებს 5-ქულიანი ლიდერობა ჰქონდათ – 47:42.
შესვენებიდან დაბრუნებული უნივერსიტეტელები შეეცადნენ, მაგრამ სწორად დაგეგმილ ტაქტიკას ხორცი ვერ შეასხეს. ამაში მათ მთავარმა კომპონენტმა, საშემსრულებლო ოსტატობამ შეუშალა ხელი. თსუ-ის კალათბურთელებს ბურთის ჩაგდების პრობლემა შეექმნათ, რაც ერთის მხრივ ქუთაისელთა დაცვის, მეორეს მხრივ – იღბლის ბრალია. ბევრი აცილებული ბურთი (44-დან 17 ორქულიანი) და ეს ქუთაისელებმა მასპინძლებს არ აპატიეს. მესამე პერიოდი სტუმართა გამარჯვებით – 24:13 დასრულდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა: “ქუთაისი” 71:55 დაწინაურდა და გამარჯვებამდე მისვლაც აღარ გასჭირვებია.
იმერულ კლუბში გიორგი კორსანტია გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ჯარვის რეის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასია, ადრიან ბოუი კი ქუთაისელებს 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით შეეწია. აკაკი დვალიშვილმა პირად ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. თსუ-ში 18 ქულით ბომბარდირი გახდა რაილ ოუენსი, 14-14 ქულა ნიკოლოზ დარბაიძისა და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა.