სუპერლიგის დებიუტანტთა მატჩში “თსუ-ჰიუნდაიმ” “შსს აკადემია-ტიტები” დაამარცხა

სუპერლიგის დებიუტანტთა მატჩში “თსუ-ჰიუნდაიმ” “შსს აკადემია-ტიტები” დაამარცხა

დღეს დაგეგმილი სუპერლიგის მესამე მატჩი დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს ლიგის დებიუტანტები, გასული სეზნში “ა” ლიგიდან აღზევებული “თსუ-ჰიუნდაი” და “შსს აკადემია-ტიტები” შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ, არც “თსუ-ჰიუნდაის” და არც “შსს აკადემია-ტიტებს” ახალბედობის არაფერი ეტყობათ. ორივე გუნდი საკმაოდ დაწინაურებულია ცხრილში, თსუ-ჰიუნდაელები კი სულაც ლიდერთა შორის არიან.

დებიუტანტთა შერკინების ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. ჰიუნდაელები უმეტესწილად იგებდნენ, თუმცა “ტიტები” არ რჩებოდნენ და გუნდური თამაშის წყალობით ლიდერ კუდში მისდევდნენ. მატჩის დასრულებამდე 3:25 წუთით ადრე ჟოელ ალმეიდას გარღვევის შემდეგ “შსს კადემია-ტიტები” დაწინაურდა – 77:76. მატჩის გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა ითავა თსუ-ჰიუნდაელთა ახალწვეულმა ბენი ვოზოლამ, რომელმაც ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ სოლო გარღვევით ორიანი მიითვალა, საპასუხო  შეტევაში კი მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და თანამემამულე ჯეიმზ მილიკენს საორქულედ უპასა. 

ვოზოლას გაბრწყინების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაი” მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე 90:86 დაწინაურდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გაირკვა. გამარჯვებულებს 18-18 ქულით ნიკა მეტრეველმა და ჯეიმს მილიკენმა ულიდერეს. 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ბენ ვოზოლამ, გიორგი კორსანტიასა და რატკო პეტრიჩის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა. “ტიტებში” 27 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ჟოელ ალმეიდა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-8 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 29 დეკემბერს გაიმართება. “რუსთავი” “კაკტუსს” უმასპინძლებს, “ქუთაისი კი – “ბათუმს”.

შსს აკადემია-ტიტები – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 86:93