სუპერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე 29 მაისს დაჯილდოვდება

სუპერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე 29 მაისს დაჯილდოვდება

 
სუპერლიგის 2010–11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე 29 მაისს გამოვლინდება. გამოკითხვა ხვალ დაიწყება და მასში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების მწვრთნელები, კომისრები და ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
 
რესპოდენტები დაასახელებენ მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო სამეულს, რომლებსაც, შესაბამისად, პირველ, მეორე და მესამე ადგილებს მიანიჭებენ. პირველ ადგილზე დასახელებულ მოთამაშეს დაერიცხება 4, მეორეს – 2, ხოლო მესამეს – 1 ქულა. საუკეთესოდ გამოცხადდება ის კალათბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ საკონკურსე ქულას მოაგროვებს. ნებისმიერ რესპოდენტს შეეძლება სუპერლიგის მონაწილე ნებისმიერი სამი მოთამაშის დასახელება. გამარჯვებული 29 მაისს, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩისას (არმია–შსს) დაჯილდოვდება.
 
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 2009–10 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ზვიად ბაბიაშვილია, რომელიც რუსთავის “ენერჯი–ინვესტს” ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
 

შარშან, საუკეთესო მოთამაშე – ზვიად ბაბიაშვილი, კალათბურთის
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მერაბ რატიშვილმა დააჯილდოვა