სუპერლიგის III და IV ტურების საუკეთესოები ერთ დღეს გამოვლინდნენ

სუპერლიგის III და IV ტურების საუკეთესოები ერთ დღეს გამოვლინდნენ

სუპერლიგის მე-3 და მე-4 ტურების სიმბოლური ხუთეულები და საუკეთესო მოთამაშეები ერთ დღეს გამოვლინდა. ასე იმის გამო მოხდა, რომ მე-3 ტურის გადადებული მატჩი (ქუთაისი – რაში), რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, 3 ნოემბრისთვის გადაიდო. დღეს კი უკვე მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მარგვეთმა ზესტაფონში თსუ-ს უმასპინძლა, ხოლო მოგვიანებით, თბილისში რაშის და ქუთაისის გადადებული შეხვედრაც შედგა.

ორივე შეხვედრამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე. მარგვეთი – თსუ-ს მატჩიდან მე-4 ტურის სიმბოლურ ხუთეულში ზესტაფონელი მელიკ მარტინი შევიდა, ხოლო რაში – ქუთაისის მატჩიდან სულაც ორმა მოთამაშემ დაიმსახურა მე-3 ტურის სიმბოლურში ადგილი, რომელთაგან ერთიც ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა – მარქილ სმიტმა საოცარი შედეგიანობა გამოიჩინა და სიმბოლურ ხუთეულში ადგილთან ერთად მე-3 ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც ირგუნა.

თანმიმდევრობით მივყვეთ: მე-3 ტურის სიმბოლურში მხოლოდ ერთი ქართველია: გორის ივერიონის ცენტრი – ივანე მეგენეიშვილი, რომელმაც მარგვეთთან მოგებულ მატჩში 26 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი არის სარგებლიანობის ინდექსის რაოდენობა, რომელიც არა მხოლოდ ქულებისა და მოხსნების ჯამია, არამედ ყველა დადებითი და უარყოფითი სტატისტიკური მაჩვენებლის ბალანსი. მაგალითად, მეგენეიშვილმა ეს მაჩვენებელი 27-ით გამოსახა და ეს შედეგი მე-3 ტურის მატჩებში ცენტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამავე მატჩში, მეგენეიშვილის თანაგუნდელის, ოსტონ ჩატმანის სარგებლიანობამ 30-ს უწია, თუმცა ის ვერ შევიდა სიმბოლურ ხუთეულში, რადგან სხვა, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ჩატმანს სხვა გუნდების ფორვარდებმა გადაასწრეს: ზემოთ ნახსენებმა მელიკ მარტინმა (35), რომელიც ორივე ტურის სიმბოლურში მოხვდა და რაშის წევრმა ჯარეტ ჰენდერსონმა (32). აქვე აღვნიშნოთ რომ სიმბოლურ ხუთეულში 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტი შედიან.

დაბოლოს, მე-3 ტურის 2 უკანახაზელი: კავკასიელი რობ პერი (30) და გადადებული მატჩის გმირი, ქუთაისის მსროლელი, მარქილ სმიტი, რომელმაცა რაშთან დღეს მოგებულ მატჩში 35 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და სარგებლიანობის ინდექსი 38-ით გამოსახა. ეს შედეგი მე-3 ტურის საუკეთესო ხუთეულიდან ყველაზე მაღალი გახლდათ და რაკი სმიტის გუნდმა იმარჯვა კიდეც (MVP წაგებული გუნდიდან არ სახელდება), ქუთაისის ამერიკელი ლეგიონერი ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მე-4 ტურის სიმბოლური ხუთეული კი ასე გამოიყურება: გივი ბაქრაძე (34, კავკასია), რეჯი მესიდორი (38), ოსტონ ჩატმანი (29, ორივე ივერიონი), მალიკ მარტინი (36, მარგვეთი) და აკოლ მავეინი (27, მარგვეთი). როგორც ხედავთ, მარგვეთიდან და ივერიონიდან 2-2 მოთამაშეა, ერთიც ქუთაისის მძლეველი კავკასიიდან. ავღნიშნოთ, რომ მარტინი ზედიზედ მეორედ მოხვდა სიმბოლურში, თუმცა მისმა მარგვეთმა ორივე შეხვედრა წააგო. ერთი საინტერესო ფაქტიც: ივერიონის წევრი, ოსტონ ჩატმანი წინა ტურში უფრო მეტი მაჩვენებლით ვერ მოხვდა სიმბოლურში, ახლა კი ერთით ნაკლები (29) სარგებლიანობის ინდექსის მოგროვებაც ეყო. 

მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშე გორის ივერიონის უკანახაზელი, რეჯი მესიდორი გახდა, რომელმაც შიდაქართლურ გუნდს ვსა-სთან მოგებულ მატჩში ულიდერა: 29 ქულა, 18 პასი, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა. 

შემდეგი ტურის მატჩები 8, 9 და 10 ნოემბერს 4 სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, გურჯაანში, გორსა და ქუთაისში გაიმართება.