სუპერლიგის მე-2 ტური იმერეთში დაიწყო: ზესტაფონშიც და ტყიბულშიც მასპინძლებმა 5 ქულით იმარჯვეს

სუპერლიგის მე-2 ტური იმერეთში დაიწყო: ზესტაფონშიც და ტყიბულშიც მასპინძლებმა 5 ქულით იმარჯვეს

სუპერლიგის მე-2 ტური დღეს 2 მატჩით დაიწყო. შეხვედრები იმერეთის რეგიონში – ზესტაფონსა და ტყიბულში გაიმართა. ორივე მატჩი მასპინძელთა თანაბარქულიანი სხვაობით დასრულდა. ზესტაფონურმაც და ტყიბულურმა გუნდმაც სტუმარი 5 ქულის სხვაობით დაამარცხა.

ამ 2 მატჩის საინტერესო შტრიხი გახლდათ ისიც, რომ მისმა მონაწილე ოთხივე გუნდმა პირველ ტურში ნაჩვენები შედეგის საპირისპირო შედეგი დააფიქსირეს. ანუ რომლებმაც პირველ ტურში მოიგეს, მეორეში წააგეს, ხოლო წაგებულებმა მოიგეს. ქრონოლოგიურად მივყვეთ და ზესტაფონში გამართულ მატჩზე ვთქვათ, რომელშიც მარგვეთმა გაგრის ამრას უმასპინძლა და 82:77 (სტატისტიკა) დაამარცხა. 

ზესტაფონელებმა პირველ ტურში ბოლო წამზე, ბათუმელი ლუკა კალატოზიშვილის ჟონგლიორული სროლით ჩაგდებული ბურთის  გამო წააგეს. მეორე ტური კი არანაკლებ ძლიერი მეტოქე ჰყავდათ ამრას სახით, რომელმაც გასულ ტურში ტყიბულის ორბი დაამარცხა. მასპინძლებმა თამაში ისე დაიწყეს, რომ თითქმის პირველ პერიოდში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საწყისი პერიოდი მარგვეთმა 36:21 მოიგო, რის შემდეგაც ტემპი აღარ დააგდეს და დიდ შესვენებამდე ლიდერობა 18 ქულამდე გაზარდეს – 50:32.

ზესტაფონელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა 206 სანტიმეტრი სიმაღლის აკლოს მავეინს, რომელიც აქედანვე ჩანს, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეფარე იქნება. მავეინმა სადებიუტო მატჩში MVP-ის ტიტულის მოპოვება მოახერხა. მისი მონაგარი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. 

მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა ამრა ვიხილეთ. გაგრის გუნდი მოტივირებული და საბრძოლოდ შემართული გამოვიდა და მესამე პერიოდის მოგებით 18-ქულიანი ჩამორჩენის განახევრება მოახერხა. სტუმრებმა ბოლო პერიოდშიც განაგრძეს შედეგიანი თამაში, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ. საბოლოოდ მატჩი, როგორც თავშივე შეიტყვეთ, ზესტაფონელთა 5-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, რაშიც აკოლ მავეინმა ლომის წილი დაიდო – 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 3 ჩაჭრა. ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. 4 სამქულიანი მიითვალა რაჰსან ედვარდსმა, რომელმაც შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. ამრაში 29 ქულით საუკეთესო იყო კელონ ტეილორი. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზეა.

5-ქულიანი სხვაობით დასრულდა ტყიბულში გამართული მატჩიც. ორბმა გორის ივერიონს უმასპინძლა და ისე დაამარცხა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, რომელიც ორბის 7-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, თამაში მასპინძელთა სტაბილური ლიდერობით გაგრძელდა. მატჩის ბოლომდე ტყიბულელები ინარჩუნებდნენ ლიდერობას, რომელიც 5-10 ქულის ფარგლებში მერყეობდა.

საინტერესო იყო, რომ ორბში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ დონდრე რედიკი გადასცდა, რომელმაც 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მეორე ყველაზე შედეგიან ორბელს 9 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა – ეს დეჯიონ ჰენდერსონის მონაგარია. ორბში ყველაზე შედეგიანი ქართველი ბექა ლომაშვილია – 8 ქულა, 6 მოხნა. ივერიონში 17 ქულით რეჯი მესიდორი გამოირჩა, ნიკოლოზ დარბაიძემ 13 ქულა მოაგროვა. 

ივერიონმა პირველ ტურში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს 11 ქულით მოუგო და ახლა თითო მოგება და წაგება აქვს, როგორც დღევანდელ ტურში ნათამაშებ ყველა გუნდს. მე-2 ტურის 3 მატჩი ხვალ თბილისში გაიმართება. 2 შეხვედრა თბილისი არენაზეა, სუპერლიგის დებიუტანტი ვსა-Basketball კი საკუთარ დარბაზში “ბათუმს” უმასპინძლებს.