სუპერლიგის მე-3 ტური დღეს გურჯაანში დაიწყო. კახეთის რეგიონს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 75:73 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. სუპერლიგის 2 ამბიციური გუნდის შერკინება დაძაბულ ბრძოლაში თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. კსუ-მ წინა ტურში ასევე დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით თსუ-სთან წააგო, დღეს კი 2 ქულით გურჯაანში იმარჯვა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა უბადლო მეორე პერიოდი ჩაატარეს და სიმართლე ითქვას, სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვეს. პირველი პერიოდის 14:22 წაგების შემდეგ კსუ-მ მეორე ათწუთეულში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. პერიოდი კავკასიელებმა 30:13 მოიგეს და 8-ქულიანი ჩამორჩენა 9-ქულიან ლიდერობად აქციეს.
მესამე და მეოთხე პერიოდებში თანაბარი ბრძოლა წარიმართა – რამაც კავკასიელთა წისქვილზე დაასხა წყალი. თბილისური გუნდი მცირედით, მაგრამ მთელი მესამე პერიოდი ლიდერობდა, ბოლოს კი მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრის ბედი დასკვნით წუთებზე გაირკვა. საკვანძო ქულები კავკასიის ლეგიონერებმა – შამარ რაითმა და რობ პერიმ ჩააგდეს, გამარჯვების წერტილი კი გივი ბაქრაძემ საჯარიმოებით დასვა.
გამარჯვებულებს პერიმ 23 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა. 16 ქულა შამარ რაითის ანგარიშზეა. გურჯაანელთაგან 15-15 ქულა სამმა მოთამაშემ – გეგი ბაქრაძემ, საბა ლობჯანიძემ და სკილერ პოტერმა ჩააგდეს.
სუპერლიგის მე-3 ტურის მომდევნო შეხვედრები 27 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება.