სუპერლიგის მე–7 ადგილზე “სამედიცინო–აკადემია” გავიდა

“სოხუმი” – “სამედიცინო–აკადემია” 67:74
„სამედიცინო–აკადემია“ მე–7 ადგილის მფლობელია. გია წულაძის ახალგაზრდულმა გუნდმა დღეს აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში „სოხუმს“ მოუგო და ჩემპიონატი მე–7 საფეხურზე დაასრულა.
„სამედიცინო–აკადემია“ ძირითადად 17–19 წლის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მიმდინარე ჩემპიონატში თუნდაც 1 გუნდის ჯობნა მისთვის საკმაო წარმატებაა. გელა წულაძის გუნდმა სოხუმელებთან თამაში ხარვეზებით დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც ჩამორჩა – 18:27. მომდევნო მეოთხედი ფრედ დასრულდა, ხოლო მესამე ათწუთეულში ყველაფერი „სამედიცინო–აკადემიის“ სასარგებლოდ გადაწყდა. წულაძის გუნდმა მესამე მეოთხედი 23:7 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებამდე 7 ქულით, 56:49 დაწინაურდა.

მედიკოს–აკადემიელებს მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მოიპოვა. კახა მუმლაძემ კი ქულები ვერა, მაგრამ მოხსნები ბლომად აგროვა. მის ანგარიშზე 18 მოხსნა დაგროვდა, რითაც ის აკადემიელებს გამარჯვებაში გვარიანად შეეშველა.