სუპერლიგის ფინალური სერია დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნება

სუპერლიგის ფინალური სერია დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნება

დღეს იწყება სუპერლიგის ფინალური სერია. საქართველოს უმთავრესი საკალათბურთო ტიტულისთვის ტრადიციულად ქცეული მეტოქეები – “ქუთაისი 2010” და “დინამო თბილისი” ხვდებიან. ამ გუნდებს შორის გათამაშდა სუპერლიგის წინა 2 ტიტულიც: 2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონი ქუთაისელები გახდნენ, წინა სეზონში კი ოქროს მედლები დინამოელებმა მოიგეს. 

ქუთაისელებმა მიმდინარე სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში იმარჯვეს. კოტე ტუღუშის გუნდმა 32 მატჩიდან 23 მოიგო და ცხრილში პირველი ადგილის დაკავებით პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა მოიპოვა. შესაბამისად, ფინალურ სერიაში იმერული კლუბი მოედნის უპირატესობით სარგებლობს და თუკი სერიაში საქმე მე-5 მატჩამდე მივა, მას ქუთაისი უმასპინძლებს. იმერულმა კლუბმა ფინალამდე “მარნეულს” სერია 2:0 მოუგო, ხოლო “რუსთავს” დაძაბულ ბრძოლაში, საერთო ანგარიშით 3:2 აჯობა.

ქუთაისელებს ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერ ჰყავთ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი – ჯონათან ლი, რომელმაც “რუსთავთან” ნახევარფინალურ სერიაში 5-დან მხოლოდ 3 მატჩში ითამაშა, მაგრამ გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარა. იმერულ კლუბს მატჩში საშუალოდ მითვლილი 15.6 ქულით დეჟუან რაითი ლიდერობს, მარგი ქმედების კოეფიციენით კი საუკეთესო აკაკი დვალიშვილია (17.4 საშუალოდ).

რაც შეეხებათ დინამოელებს, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში 32 მატჩიდან 21 მოიგო და ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა. დინამოელებმა ფინალამდე ჯერ “ოლიმპს” სძლიეს (2:0), ხოლო ნახევარფინალში “მგზავრებს” სერია 3:1 მოუგეს. დინამოელთა ბომბარდირი მატჩში საშუალოდ 13.1 ქულით ილია ლონდარიძეა, ხოლო საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო ამერიკელი ცენტრი – კაელ ტურპინი გახლავთ (19.4).

“ქუთაისი” სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ ქულას აგდებს: მატჩში საშუალოდ 84.64. “დინამო” კი საშუალოდ 81.79 ქულას იხვეჭს და ამ მაჩვენებლით მესამეა (კაკტუსის შემდეგ). “დინამო” მოხსნებშიც მესამეა (40.53 მოხსნა საშუალოდ), ხოლო ქუთაისელები ამ კომპონენტში სუპერლიგაში მე-6 პოზიციას იკავებენ (39.28). 

მნიშვნელოვანი სხვაობაა ჩაგდებულ სამქულიანებში, რაშიც “დინამოს” “ქუთაისი” ჯობნის. იმერული კლუბი მატჩში საშუალოდ 8.59 სამქულიანს აგდებს სუპერლიგაში უმაღლესი – 37.81-პროცენტიანი სიზუსტით. დინამოელები კი ყოველ მატჩში საშუალოდ 6.79 სამიანს აგდებენ და სროლის სიზუსტე ამ კომპონენტში 33.46 პროცენტი აქვთ.

ფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს, 23 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 18:30 საათზე გაიმართება. მეორე მატჩი იმავე დროსა და ადგილას, 24 მაისს ჩატარდება. ამის შემდეგ სერია თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც, ოლიმპიურ სასახლეში, 27 მაისს, 16:00 საათზე, სერიის მე-3 მატჩი გაიმართება. თუ საჭირო გახდა, მე-4 მატჩი მეორე დღეს, იგივე დროსა და ადგილას ჩატარდება. 

1991 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, “დინამო” ქვეყნის ჩემპიონი 4-ჯერ (1991, 2003, 2014, 2017) გამხდარა, ხოლო “ქუთაისი” – ერთხელ (2016).

მიმდინარე სუპერლიგის ფინალური სერიის მატჩებს ქართველ მსაჯებთან ერთად ცნობილი ბოსნიელი არბიტრი, ადემირ ზურაპოვიჩი მოემსახურება.