სუპერლიგის პირველი წრე დღეს, თბილისი არენაზე გამართული ერთი მატჩით დასრულდა. ბოლო შეხვედრაში, რომელიც მიმდინარე სეზონში როგით 55-ე იყო, ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ და გორის ივერიონი შეხვდნენ. ეს მატჩი 14 ოქტომბერს, სუპერლიგის პირველ ტურში უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ 18 ოქტომბერს თსუ-ს ფიბა ევროპის თასზე ჰქონდა თამაში, გადაიდო და პირველი წრის ბოლოს, დღეს გაიმართა.
მოქმედ ჩემპიონ თსუ-ს, რომელსაც დღევანდლამდე 7 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა, პირველი წრის ცხრილის ლიდერად დასრულებისთვის ნებისმიერი შედეგი აძლევდა ხელს. წაგების შემთხვევაშიც კი უნივერსიტეტელები პირველ ადგილზე ასრულებდნენ წრეს, რადგან 7 მოგებისა და 3 მარცხის მქონე გურჯაანს ურთიერთშეხვედრაში სჯობნიდნენ.
ცხრილში დასაკავებელი ადგილის კუთხით სუპერლიგის აუტსაიდერი ივერიონიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო. მოიგებდა თუ წააგებდა, დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი ივერიონი პირველ წრეს მე-7 ადგილზე ასრულებდა, თუმცა მოგება გორელებს ძალიან სჭირდებოდათ, რათა კაცმა არ იცის, უმაღლესი ლიგის ახალბედა გუნდს თუნდაც 1 მოგება რა დროს დასჭირდეს. ამიტომაც იყო, რომ ივერიონმა ბოლომდე იბრძოლა, მოგების რეალურ შანსსაც ფლობდა, მაგრამ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს.
სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ვეტერანმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც მალე 38 წლის გახდება. 38 წუთში ცინცაძემ 27 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა და ტაირი ბოიკინთან ერთად (28 ქულა) უნივერსიტეტელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა – 95:89 (სტატისტიკა). გორელებმა მესამე პერიოდში იყოჩაღეს, მეტ ნორმანისა და კვენტინ ჰარდრიქტის წინამძღოლობით 6 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
გორელთა შორის 30 ქულითა და 12 პასით საუკეთესო იყო ჰარდრიქტი, ნორმანის ანგარიშზე კი 26 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგამ თებერვლამდე პაუზა აიღო, თუმცა გუნდებს იანვარში საქართველოს თასისა და მიხეილ ქორქია – ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მატჩები ელით.