სუპერლიგის პირველი ტური ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის პირველი ტური ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 ეროვნული
ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში
ჩატარდა. 

ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი  ,,ქუთაისი“ და სამედიცინო დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, ,,ქუთათურები“ დომინირებდნენ
როგორც პირველ ტაიმში, ასევე თამაშის მეორე ნახევარში. საბოლოო ანგარიშიც, დიდი სხვაობით,
თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს – 87:49.

გამარჯვებული გუნდიდან ეროვნული ნაკრების წევრი რიჩარდ
მათიაშვილი გამოირჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა.
,,მედიკოსებს“  კი ზურაბ მაისურაძემ ულიდერა 9
ქულითა და 6 მოხსნით.

 სუპერლიგის
მეორე  ტურის მატჩები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება.
დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): ვულოცავ ყველას სეზონის გახსნას,  ვფიქრობ წინ საინტერესო სეზონი გველოდება. გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და დარწმუნებული ვარ მომავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იქნება.  რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებითა დაკომპლექტებული და მასთან  გამარჯვება არ გაგვჭირვებია. როგორც ანგარიშიდან ჩანს მეტოქე საკმაოდ იოლად დავამარცხეთ. ვიმედოვნებ, თსსუ თამაშს კიდევ უფრო მოუმატებს  და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. სასიხარულოა, რომ ქუთაისში საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. დღევანდელ მატჩს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო და დარბაზში ტრადიციულად  კარგი ატმოსფერო შეიქმნა. 

კახა შენგელია (თსსუ): მივესალმები სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებას. ვფიქრობ,  წლევანდელი ჩემპიონატი გასულ სეზონზე  კიდევ უფრო საინტერესო იქნება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ძალიან სუსტად ვიასპარეზეთ. ვულოცავ ,,ქუთაისს” გამარჯვებას და ვიმედოვნებ რომ  მომავალ მატჩებში ჩვენი ახალგაზრდული გუნდი უკეთეს შედეგს აჩვენებს.  

სუპერლიგა

I წრე,  I ტური
შსს აკადემია – ბათუმი 92:65
ოლიმპი – სოხუმი 97:78
სტუ – რუსთავი   62:94
დინამო – თსუ     83:53