სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას ქუთაისმა მესამედ უმასპინძლა

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას ქუთაისმა მესამედ უმასპინძლა

სუპერლიგის 2019 წლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი-აქცია ქუთაისში გაიმართა, რომელიც ტრადიციულად უხვქულიანი, ეფექტური ეპიზოდებით გაჯერებული და მაყურებელთათვის საინტერესო გამოდგა. სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ქუთაისში ოლ სტარის სათამაშოდ უკვე მესამედ შეიკრიბნენ, რითაც საკმაოდ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მეტოქე გუნდები ლეგიონერებისგან და ადგილობრივი მოთამაშეებისგან დაკომპლექტდნენ.

მატჩი

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა შეავსეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს კოტე ტუღუში (ქუთაისი) და ბუბა ბერიშვილი (მგზავრები) უძღვებოდნენ, ხოლო ლეგიონერებს – ირაკლი ხოშტარია (დინამო) და ნიკოლოზ ჩრქეზიშვილი (თსუ-ჰიუნდაი).

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების მაქსიმალური სიმცირით წარიმართა. ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შეხვედრაში დაცვა ნაკლებად გამოიყენებოდა და შესაბამისად, მაღალი ანგარიში დაფიქსირდა – 134:134. დიახ, მატჩი ფრედ დასრულდა, რაც წესით ოვერტაიმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა საჭირო არ გახდა. გაიმარჯვა სუპერლიგის ქართველი და უცხოელი მოთამაშეების მეგობრობამ.  

მატჩის ბომბარდირი გახდა და საბოლოოდ უძვირფასესი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა „ოლიმპის“ ამერიკელმა ცენტრმა – მარკ ოგდენმა, რომელმაც 25 წუთში 30 ქულა მიითვალა. ლეგიონერთა შორის 21 ქულით მისივე თანაგუნდელი – ჩარლზ ბენეტი გამოირჩა. 18 ქულა ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე დაგროვდა.

ადგილობრივი მოთამაშეების გუნდში საუკეთესო შედეგი ოთარ ფხაკაძემ და აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირეს. „დელტას“ უკანახაზელმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, „ქუთაისის“ ცენტრმა კი 20 ქულას 10 მოხსნაც მოაყოლა. 19 ქულა ჰქონდა ქუთაისელ გიორგი ბარბაქაძეს.

 

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.  

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი მონაწილეობდა – ოთარ ფხაკაძე (დელტა), ჯორდან სვოპშირი (დინამო), ერეკლე ლორთქიფანიძე (რუსთავი), მალკოლმ დრამრაითი (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი) და გასული წლის ოლ სტარის სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული რეზო ჩაჩანიძე (მგზავრები),

ფინალში  რეზო ჩაჩანიძე (19 ქულა) და ჯონათან ლი (21) გავიდნენ. გადამწყვეტი შერკინება „ქუთაისის“ ამერიკელმა უკანახაზელმა მოიგო. ფინალში ლის ჩაგდებულ 23 ქულას ჩაჩანიძემ 21-ით უპასუხა და გამარჯვება ადგილობრივთა სნაიპერს დარჩა, რომელმაც საპატიო ჯილდო მოიგო.

ადგილობრივები – ლეგიონერები
სტატისტიკა: 134:134

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში ერთმანეთს სამი მონაწილე ეჯიბრებოდა: მარკ ოგდენი, ჩარლზ ბენეტი (ორივე ოლიმპი) და ჯეიმს მილიკენი (თსუ-ჰიუნდაი). ჟიურის წევრები გახლდნენ  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი ალეკო პეტრიაშვილი, ფიბა-ს დამსახურებული არბიტრი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი დრაგან ნეშკოვიჩი, საერთაშორისო კლასის არბიტრი, როლანდ ხომერიკი და ვეტერანი კალათბურთელი, მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის თანაგუნდელი გენო ჭეიშვილი.

სამივე მონაწილე ერთმანეთს პირდაპირ ფინალში დაუპირისპირდა, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩის დასრულებისთანავე გაიმართა. გამარჯვება ოლიმპელ მარკ ოგდენს დარჩა, რომელმაც ჟიურისგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

დაჯილდოების ცერემონიალი

მატჩისა და ჩატენვების კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. აქციის ყველა მონაწილე – მოთამაშეები, მწვრთნელები და ექიმები სპეციალური, ვარსკვლავის ფორმის მედალიონებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა – ალეკო პეტრიაშვილმა და ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.

სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულ ჯონათან ლის სპეციალური პრიზი და სნაიპერობის დამადასტურებელი დიპლომი ზვიად კოტრიკაძემ გადასცა, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული მარკ ოგდენი ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.

ბოლოს მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) – მარკ ოგდენი დაჯილდოვდა, რომელსაც შესაბამისი პრიზები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა გადასცა.

MVP და კონკურსების გამარჯვებულები სუპერლიგისა და საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ტექნიკური პარტნიორის, „ტიფლისტექსის“ წარმოებული წინდების მრავალფეროვანი კომპლექტით დაჯილდოვდნენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია  ქუთაისის სპორტის სასახლეში ფოიერვერკით დასრულდა.