თად მაკფადენი კარიერას ესპანურსავე “ხუვენტუდში” გააგრძელებს

თად მაკფადენი კარიერას ესპანურსავე “ხუვენტუდში” გააგრძელებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრი, თად მაკფადენი კარიერას კვლავ ესპანეთში გააგრძელებს. ქართული პასპორტის მქონე კომბო უკანახაზელს კონტრაქტი უმაღლესლიგელმა “დივინა ხუვენტუდმა” გაუფორმა. მაკფადენი ესპანურ კლუბში გარანტირებულად სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

თად მაკფადენი მიმდინარე სეზონში იმავე ლიგაში, “ტენერიფე იბეროსტარში” თამაშობდა”, თუმცა დაახლოებით 1 თვის წინ მისი და კუნძულელთა გზები გაიყარა. მაკფადენი ამერიკაში, მშობლიურ დეტროიტში გაემგზავრა და ოკეანგაღმიდან, 6 დღით საქართველოს ნაკრებს შეუერთდა – 21 და 24 თებერვალს ილიას ზუროსის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარა. დღეს კი მასთან კონტრაქტი ესპანური ლიგის ერთ-ერთმა მოწინავე გუნდმა გააფორმა.

 “ბარსელონას”, “რეალის” და “ბასკონიას” შემდეგ, “ხუვენტუდი”ესპანურ ლიგაში მეოთხე ადგილზეა. მაკფადენის ყოფილი გუნდი “იბეროსტარი” კი მე-7-ზე იმყოფება. ამერიკელ უკანახაზელს ტენერიფელთა მაისურით მიმდინარე სეზონში ესპანურ ლიგაში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 21.4 წუთში 12.2 ქულას ითვლიდა.

მაკფადენის დებიუტი “ხუვენტუდში” სავარაუდოდ მომდევნო ტურში, 9 მარტს, მადრიდის “რეალთან” შედგება.