საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი გერმანიასთან მარცხით გახსნა. ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩაატარა, რომელიც 2 ქულით დათმო, თუმცა მიღებული სამქულიანების გამო საბოლოოდ მარცხი განიცადა და ამ მომენტისთვის 2 მოგებითა და 2 მარცხით პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. სათამაშოა ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი – სლოვენია – ავსტრალია და ბოლო ტური, რომელშიც საქართველო ავსტრალიას შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი გამართა, საიდანაც კაბო ვერდეს და ვენესუელას ჯამში 3 ქულით სძლია, სლოვენიასთან კი 21 ქულით დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 2 მოგებითა და 1 მარცხით სლოვენიას შემდეგ ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა და გადაინაცვლა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად ოკინავაში მოთამაშე მეორე ჯგუფიდან გასული გერმანია (3 მოგება) და ავსტრალია (2 მოგება) ერგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის გაწვრთნილმა გერმანიამ პირველ ჯგუფში მოპოვებული სამივე გამარჯვებით საკუთარი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.
თამაში საქართველოს უპირატესობით დაიწყო. სასტარტოში გიორგი შერმადინის ნაცვლად გამოსული გოგა ბითაძე პერიმეტრზე იწევდა, საიდანაც 1 სამქულიანი ჩააგდო და მის მეურვე დანიელ თეისს დაცვაში საქმე გაურთულა. სამქულიანებში თანაგუნდელს ვერ აჰყვა თად მაკფადენი, რომელმაც 2 სროლა ააცილა, თუმცა დუდა სანაძის სამიანი ზუსტი აღმოჩნდა და შეცდომების გამო ჩამორჩენილმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის მე-6 წუთისთვის 5-ქულიანი ლიდერობა მოუტანა – 14:9.
თორნიკე შენგელია ცდილობდა სამწამიანში ძალით შესულიყო, რაც პერიოდულად გამოსდიოდა, თუმცა ქართველებმა დაცვაში შეცდომებს უხშირეს და გერმანელებმა სწრაფი გარღვევებით ანგარიში გაათანაბრეს. აუცილებელია აქვე ითქვას რომ ნაკრების კაპიტანი წელის ტრამვის გამო ძლიერი გამაყუჩებლებით თამაშობდა! მეორე ნახევარში მან ტრავმა გაიმიზეზა და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა.
მეტქეს შეცვლებმა გაუმართლა. გერმანელებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს, რომელთა შორისაც იოჰანეს ტიემანმა AND1-ი ჩააგდო და საწყისი პერიოდის ბოლო წუთზე გერრმანია 22:16 დაწინაურდა. საქართველომ ათწუთეულის მეორე ნახევარი 2:13 წააგო, რისი მიზეზიც უმეტესწილად უხეში შეცდომები იყო (ქართველებმა ბურთი 6-ჯერ დაკარგეს, გერმანელებმა მხოლოდ 1-ჯერ) – 22:16 გერმანელების სასარგებლოდ.
მეორე ათწუთეული გიორგი შერმადინის ორქულიანით გაიხსნა, რომელმაც კახა ჯინჭარაძის აცილებული სამქულიანი მოხსნა და წარმატებულად დაამატა. შერმადიმა მეტოქეს დაცვაში დაფარა და მამუკელაშვილმა სწრაფ შეტევაში ჩაგდებული ბურთით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 22:20. გერმანელებმა ისევ შორ არტილერიას მიმართეს და მორის ვაგნერისა და ტიემანის სამქულიანებით 28:20 გალიდერდნენ. მოედანზე გამოსულმა მოთამაშეებმა მუხტი კი შემოიტანეს, მაგრამ ეს უპირატესობა ტაბლოზე არ აისახა – კახა ჯინჭარაძის დაცვაში აქტიურობას სანდრო მამუკელაშვილის 2 ორქულიანი მოჰყვა, რის შემდეგაც ჩამორჩენა კი შემცირდა, თუმცა ისააკ ბონგამ მორიგი სამქულიანი ჩააგდო და გერმანელების 8-ქულიანი ლიდერობა შენარჩუნდა – 35:27.
მეორე პერიოდის ბოლო 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაჯაბნა, რაშიც გამორჩეული წილი სანდრო მამუკელაშვილს ეკუთვნის. მამუმ ისევ ჩააგდო საშუალო ორქულიანი, რასაც ბითაძის ზუსი საჯარიმოები და მამუკელაშვილის სამქულიანი მოჰყვა . საქართველო დიდ შესვენებამდე წუთით ადრე 40:39 დაწინაურდა. ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომის გამო ქართველებმა პირველი ნახევარი საბოლოოდ დათმეს – 41:43.
მეორე ნახევარი თანაბარ თამაშში განახლდა, თუმცა მე-3 პერიოდის საწყისი 2 წუთის შემდეგ გერმანელებმა ისევ სამქულიანების ხარჯზე იმარჯვეს. დენის შროდერის, ანდრეას ობსტის და ნიელს გიფის სამიანების შემდეგ გერმანია 16-ქულით გალიდერდა. საქართველოს პასუხი შეტევაში მამუკელაშვილის და შერმადინის ორქულიანები იყო, რითაც მეტოქის შედეგიანობა ვერ დაბალანსდა და მესამე პერიოდის ბოლო წუთზე გერმანელების ლიდერობამ ისევ 16 ქულას შეადგენდა როცა შერმადინის ბოლო წუთზე გამოჩენილი შედეგიანობით, ბურთი ჩაჭრა და AND1 ჩააგდო, საქართველომ ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა და მოგების შანსი შეინარჩუნა – 57:70. მეორე ნახევარში ნაკრებმა ტრავმის გამო გამოკლებული თორნიკე შენგელია მხოლოდ მცირე ხნით დაიხმარა.
ბოლო პერიოდი საქართველომ მაკფადენის ორქულიანით გახსნა, თუმცა გერმანელებს ახლა სულ სხვა მოთამაშემ გაუმართლა. მაოდო ლო, რომელსაც მანამდე ქულა არ ჩაეგდო, ზედიზედ 3 სამქულიანი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება ფაქტობრივად გაუნაღდა – 81:59 დასრულებამდე 7 წუთზე ნაკლებით ადრე. აქ მატჩის ბედი გადაწყდა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. თამაში გერმანელების გამარჯვებით 100:73 (სტატისტიკა) დასრულდა. ჩვენს ნაკრებს 19 ქულა მოუტანა სანდრო მამუკელაშვილმა, 15 – გოგა ბითაძემ, 12 – თორნიკე შენგელიამ, ხოლო 9 – გიორგი შერმადინმა.