თასის გათამაშებაში მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა

თასის გათამაშებაში მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა

დღეს საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები დარჩენილ 4 წყვილში გაიმართა. თბილისი არენაზე თავდაპირველად სტუდენტური დერბი შედგა: სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თსუ “ა” ლიგის დებიუტანტ თსსუ-ს დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის სხვაობა რომ დიდია ეს მატჩის ანგარიშმაც გამოაჩინა. თსუ-მ 40 ქულის სხვაობით – 120:80 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გასასვლელად საპასუხო მატჩში, რომელიც 27 იანვარს გაიმართება, ამაზე დიდი სხვაობით არ უნდა წააგოს. 

მეორე მატჩში სუპერლიგის გუნდები – კავკასია და ტყიბულის ორბი ხვდებოდნენ. კავკასიელებმა თავდაპირველად ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და 20 ქულაზე მეტით იგებდნენ, თუმცა ტყიბულის გუნდმა თამაში გამოასწორა და ბოლოს ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 76:80 (სტატისტიკა) წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წყვილის გამარჯვებული საპასუხო მატჩის შემდეგ გაირკვევა. ორბი კავკასიას 26 იანვარს ტყიბულში უმასპინძლებს და მეოთხედფინალში  იმ შემთხვევაში გავა, თუკი მინიმუმ 5 ქულით გაიმარჯვებს.

სოხუმი-საქართველო “ა” ლიგაში ერთ-ერი ფავორიტია, თუმცა სუპერლიგის გუნდთან დაპირისპირებაში ვერას გახდა. გურჯაანის დელტამ თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში სოხუმელებს 94:61 (სტატისტიკა) სძლია, რითაც მეოთხედფინალში ცალი ფეხით შეაბიჯა. საპასუხო მატჩი გურჯაანში 25 იანვარს ჩატარდება და როგორც ანგარიშიდან ჩანს, დელტას 22 ქულით წაგების უფლება აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი საკუთარი ქომაგების თვალწინ მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე. 

დაბოლოს, ისევ სუპერლიგელთა წყვილი: რუსთავმა პირველი ნახევარი 13 ქულით მოუგო ზესტაფონის მარგვეთს, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა თამაში შემოაბრუნა. მალიქ ჯეიკობსის შედეგიანობით მარგვეთელებმა მესამე პერიოდი 9 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო ათწუთეულში მეტოქე წელში გატეხეს და 9 ქულით გაიმარჯვეს – 83:74 (სტატისტიკა). ამ წყვილში საპასუხო მატჩში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. რუსთავს საკუთარ მოედანზე 10 ქულით გამარჯვება სჭირდება, მეოთხედფინალში რომ გავიდეს. შეხვედრა 26 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება.