თასის გათამაშების 1/4 ფინალი თსუ-მ, ოლიმპმა და ქუთაისმა გაიფორმა

თასის გათამაშების 1/4 ფინალი თსუ-მ, ოლიმპმა და ქუთაისმა გაიფორმა

დღეს საქართველოს თასის გათამაშების 3 მეოთხედფინალისტი გაირკვა. წყვილებში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა სერიის მეორე მატჩებიც მოუგეს ოპონენტებს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ეს გუნდებია თსუ, ოლიმპი და ქუთაისი, რომლებმაც შესაბამისად დინამო, გთუნი და ვერა დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში მერვედფინალები და მეოთხედფინალები ორმატჩიანი სერიებით თამაშდება, ხოლო დარჩენილი კვარტეტი ტიტულს ოთხთა ფინალის პრინციპით გაითამაშებს.

თსუ – დინამო 91:66 (სტატისტიკა) 
სერიის საერთო ანგარიში 185:117

ამ წყვილში ყველაფერი წინდაწინ იყო ცნობილი. საკითხავი ის იყო, კიდევ ერთხელ გაანადგურებდა თსუ დასუსტებულ დინამოს თუ დაინდობდა. უნივერსიტეტელებმა 2 ლიდერი – გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი დაასვენეს, რითაც დინამოელები დაინდვეს. ლაშა ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი გაცილებით ძლიერ მეტოქეს 3 პერიოდის განმავლობაში უძალიანდებოდა. პირველი პერიოდი სულად დინამოელებმა მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ.

მესამე ათწუთეულის მეორე ნახევრიდან თსუ-ელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. ძლიერმა მაინც თავისი გაიტანა და დასკვნითი პერიოდების შედეგიანი თამაშის წყალობით თსუ-მ საბოლოოდ 25-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა. უნივერსიტეტელებს 27 ქულით ჯიმონ ჰენსონმა ულიდერა. 14 ქულა ბექა ბექაურმა მოაგროვა, ხოლო 12 – გუჯა ხვედელიძემ. დინამოში 21 ქულით საუკეთესო იყო ანტონიო ალქორნი. 17 ქულა და 11 მოხსნა ვალერიან წულეისკირმა მოინაგრა.

თსუ-ს მეტოქე მეოთხედფინალში რუსთავი იქნება, რომელმაც მერვედფინალური სერია უბრძოლველად მოიგო, რადგან “ა” ლიგის წარმომადგენელ აწსუ-ს საშინაო დარბაზმა ტექნიკური გაუმართაობის გამო თამაშს ვერ უმასპინძლა.

 

ოლიმპი – გთუნი 69:55 (სტატისტიკა)
სერიის საერთო ანგარიში: 167:138

“ა” ლიგის წევრი, გთუნი მეტად მებრძოლი გუნდია, მაგრამ იმხელა შესაძლებლობა არ გააჩნია, სუპერლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდს სერიოზული ხიფათი შეუქმნას. ეს გთუნიმ ნაწილობრივ მოახერხა სერიის წინა თამაშში, თუმცა მთლიანობაში დიდი სხვაობით დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. დავით ნოზაძის გუნდის ერთადერთი მიზანი ახლა “ა” ლიგის მოგება და სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა, რისი შანსიც სტუდენტურ გუნდს აშკარად გააჩნია.

ოლიმპის მწვრთნელმა, დავით როგავამ ეს მატჩი გუნდის ახალგაზრდა წევრების სამოტივაციოდ გამოიყენა. ოლიმპის შემადგენლობაში მყოფმა 12-ვე კალათბურთელმა ითამაშა და დროც მწვრთნელმა მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. პირველი პერიოდი ფრედ, 14:14 დასრულდა, მეორეში ოლიმპელებმა უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 7-ქულიანი ლიდერობით მივიდნენ. 

თამაშის ბოლომდე გთუნი ინერციით მიჰყვებოდა მეტოქეს, რომელმაც რაც ცოტა დრო რჩებოდა დასრულებამდე, მით უფრო მეტი ახალგაზრდა სათადარიგო შემოჰყავდა მოედანზე. საბოლოოდ როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 14 ქულით იმარჯვა, რაშიც 14-14-ქულიანი წილი ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ლინტონ ესლაისმა დაიდეს. 11 ქულა და 7 მოხსნა გიორგი მეცხოვრიშვილის ანგარიშზეა.

ოლიმპი მეოთხედფინალშია და მეტოქეს კავკასია-ტყიბულის წყვილიდან ელოდება. კავკასიელებს პირველი მატჩი 22 ქულით აქვთ მოგებული და იმერულ კლუბთან საპასუხო შეხვედრას ხვალ, 18 იანვარს გამართავენ.

 

ქუთაისი – ვერა 92:87 (სტატისტიკა)
სერიის საერთო ანგარიში: 192:157

ამ წყვილშიც ყველაფერი გარკვეული იყო. ქუთაისელებმა სერიის პირველი მატჩი 30 ქულით მოიგეს და ვერელები ფაქტობრივად შეუსრულებელი მისიის წინაშე დააყენეს. ეს შეხვედრა ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეს ჭერი დაუზიანდა და იმერული კლუბის თხოვნის საფუძველზე შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ვერამ ღირსეულად იბრძოლა და გამარჯვებასაც იმსახურებდა, თუმცა სულ ბოლო მომენტში ძალები აღარ ეყო. ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა, ბოლო წუთებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ქუთაისელებს რომც წაეგოთ, თასის მეოთხედფინალში მაინც გავიდოდნენ. მხოლოდ 30 ქულაზე მეტოით დამარცხების შემთხვევაში რჩებოდნენ განზე, რაც თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე წარმოუდგენელი გახლდათ.

საბოლოოდ 5 ქულით გამარჯვებულ ქუთაისელებს ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 16 ქულა და 10 მოხსნა ჯარვის რეიმ მიითვალა, ჩედ ფრეიზერის ანგარიშზე კი 14 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. ვერაში 25 ქულით, 11 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე. 20 ქულა ბორის თორთლაძემ მოაგროვა. დერიკ ნიქსის ანგარიშზე 17 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

ქუთაისის მომდევნო მეტოქე ბათუმისა და მეგას დაპირისპირებაში, ხვალ გამოვლინდება. მეგამ პირველი შეხვედრა ზღვისპირელებს 8 ქულით მოუგო.