თასის ოთხთა ფინალისტები გამოვლინდნენ: თსუ – ბათუმი, ქუთაისი – ივერიონი

თასის ოთხთა ფინალისტები გამოვლინდნენ: თსუ – ბათუმი, ქუთაისი – ივერიონი

საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი შეიკრა. გუშინ მერვედფინალურ სერიებში გამარჯვებულ თსუ-ს და ბათუმს დღეს ქუთაისი და ივერიონი შეუერთდა. გორის გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა – სერიის პირველ მატჩში შინ წაგებული 6 ქულის შემდეგ საპასუხო მატჩი 92:67 მოუგო გურჯაანის დელტას და ოთხთა ფინალში გავიდა.

შესაბამისად, 9 აპრილს თასის ნახევარფინალებში თსუ ბათუმს შეხვდება, ქუთაისი კი ივერიონს. ოთხთა ფინალში სერიები აღარ მოქმედებს. ნახევარფინალებიცა და ფინალიც ერთმატჩიანია. სატიტულო მატჩი 10 აპრილს, თბილისი არენაზე გაიმართება.

ქუთაისს ოთხთა ფინალში გასასვლელად გვარიანი ჯაფა დაადგა. ტყიბულის ორბმა, რომელმაც სუპერლიგაში ქუთაისი შინ დაამარცხა, თასის გათამაშებაშიც მოსაგებად გაიქაჩა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულელებმა სერიის პირველი შეხვედრა შინ 70:76 წააგეს ქუთაისთან, საპასუხო მატჩში კი შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ორბს ბოლო იერიშის მოსაწყობად ძალა და რესურსი არ ეყო და კვლავ 6 ქულით – 100:106 (სტატისტიკა) დამარცხდა.

ქუთაისში შეუჩერებელი იყო მარქუს გილსონი, რომელმაც  27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა დაგროვდა დეტრეკ ბრაუნინგის ანგარიშზე. ორბში 23 ქულით ბომბარდირი გახდა კენი კუპერი, ხოლო მაიკლ ედვარდსის ანგარიშზე 21 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

მეორე მატჩში,დელტამ გორის ივერიონს გურჯაანის ნაცვლად თბილისში უმასპინძლა. მატჩი გორელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 21:13 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 13 ქულით იგებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ივერიონს გორში პირველი მატჩი 6 ქულით ჰქონდა წაგებული და საპასუხო შეხვედრაში ამ სხვაობაზე მეტით გამარჯვება სჭირდებოდა, ოთხთა ფინალში რომ გასულიყო. გურჯაანელებმა დიდი შესვენების შემდეგ თამაში დაალაგეს და მე-3 პერიოდი 26:19 მოიგეს. ჩამორჩენა ზუსტად 6 ქულამდე შეამცირეს და ისე გამოვიდა, ბოლო პერიოდს ვინც მოიგებდა, ოთხთა ფინალშიც ის გადიოდა. 

აქ კი მოხდა გვარიანი სენსაცია. ეს უფრო იმაზე ითქმის, რომ მატჩის ბოლო 5 წუთში გურჯაანის დელტამ ბურთი ვერ ჩააგდო. არადა, დასკვნითი პერიოდის პირველსავე წუთზე დელტამ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 65:67, რითაც ფაქტობრივად ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ მოხდა სენსაცია. შეხვედრის ბოლო 9-წუთიანი მონაკვეთი ივერიონმა 25:2 (!) მოუგო დელტას და საბოლოო ანგარიში – 92:67 (სტატისტიკა) დააფიქსირა, რაც სუპერლიგის დებიუტანტი გუნდის კვალობაზე დიდებული შედეგია.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგაში ამ მომენტისთვის 13 ტურის შემდეგ გორის ივერიონი ბოლო ადგილზეა, ხოლო გურჯაანის დელტა – პირველზე. გორელებს ამერიკელმა ლეგიონერმა – კვენტინ ჰარდრიქტმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. კვენტინმა 11-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, რაც უკანახაზელისთვის საოცარი შედეგია. 20 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა გეგი ბაქრაძემ, რიკარდო ლინჩის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა. გურჯაანელთაგან ყველაზე მეტი – 15 ქულა ბაირონ მაქსველმა მოაგროვა.

თასის ოთხთა ფინალი 9 და 10 აპრილს, თბილისში გაიმართება. ნახევარფინალში თსუ ბათუმს შეხვდება, ხოლო ქუთაისი – გორის ივერიონს. გამარჯვებულები თასის მოსაპოვებლად ფინალში 10 აპრილს შეერკინებიან. 

ფოტო: DeltaGurjaani