ფიბა-სა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით 28-31 მაისს თბილისი არენა მწვრთნელთა კლინიკას უმასპინძლებს.
სემინარებს, რომელიც მასშტაბურობით ყველა აქამდე ჩატარებულ მსგავსი ტიპის ღონისძიებას აღემატება, ცნობილი სერბი მწვრთნელი ნენად ტრუნიჩი, ეროვნული ნაკრების თავკაცი ალეკსანდარ ჯიკიჩი, მსაჯთა ინსტრუქტორი რიჩარდ სტოქსი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ანატოლი ბოისა გაუძღვებიან.
ნენად ტრუნიჩი, რომელიც საქართველოს პირველად სწორედ აღნიშნული სამწვრთნელო კლინიკის ფარგლებში, ფიბა-ს მოწვევით ესტუმრება, 2011 წლიდან ფიბა-ევრობის სამწვრთნელო კლინიკის (FECC) ლექტორია, ხოლო 2013 წლიდან ის ფიბა-ს მწვრთნელთა სასერტიფიკატო პროგრამის მომხსენებლი გახლავთ. მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი სხვადასხვა დროს სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა, 2021 წლიდან კი ის სერბეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა თავის ასისტენტად მიიწვია.
გარდა საკალათბურთო საქმიანობისა, უკვე მრავალი წელია, ტრუნიჩი აქტიურ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. იგი იკვლევს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კალათბურთის თეორია და მეთოდოლოგია, საკალათბურთო პედაგოგიური სწავლებები, ტაქტიკისა და ტექნიკის მეთოდოლოგია ახალგაზრდულ სპორტში, ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და ვარჯიშების პრიორიტეტების განსაზღვრა. არაერთი სამეცნიერო კვლევის ავტორი სერბი მწვრთნელი, ქართველ კოლეგებთან სროლის ტექნიკასა და მეთოდოლოგიებზე, სწრაფი შეტევების წესებსა და ვარჯიშებზე, საკალათბურთო უნარებისა და სპეციფიკური ფიზიკური მომზადების კავშირებზე, ახალგაზრდულ კალათბურთში ვარჯიშების დაგეგმვაზე, მოთამაშეებში გადაწყვეტილების უნარის გაუმჯობესებაზე, საუკეთესო გამთამაშებლის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ სპეციფიკურ ვარჯიშებზე ისაუბრებს.
ნენად ტრუნიჩთან ერთად, თბილისური კლინიკის ფარგლებში ქართველ მწვრთნელებთან საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, ალეკსანდარ ჯიკიჩი შეტევისა და დაცვის სხვადასხვა წესზე, ტექნიკასა და მეთოდოლოგიაზე ისაუბრებს. შეგახსენებთ, რომ ჯიკიჩი ჩვენს ეროვნული გუნდს მიმდინარე წლის იანვრიდან წვრთნის.
ტრუნიჩის მსგვსად, შთამბეჭდავია ალეკსანდარ ჯიკიჩის კარიერა, რომელიც 1991 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი ასისტენტ და მთავარ მწვრთნელად მუშაობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: ბელგრადის პარტიზანი, მინესოტა ტიმბერვულვზი, ლიუბლიანის ოლიმპია, ნოვო მესტოს კრკა, ლიეტუვური ლიეტუვოს რიტასი, ჩერნოგორიული ბუდუჩნოსტსი, ესპანური ესტუდიანტესი და ებრაული ჰაპოელი. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ჯიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
სერბ სპეციალისტებს ბურთის გარეშე მოძრაობის ძირითად წესებზე, ე.წ.spacing-ზე და “Half Court” შეტევაზე საუბრისას ეროვნული ნაკრების ასისტენტი ანატოლი ბოისა შეუერთდება.
მწვრთნელებთან ერთად კლინიკაში მონაწილეობას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი რიჩარდ სტოქსი მიიღებს, რომელიც მწვრთნელებისა და მსაჯების ურთიერთობებზე ისაუბრებს. შეგახსნებეთ, რომ ბრიტანელი სპეციალისტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას დეკემბრიდან შემოუერთდა. მანამდე იგი ევროლიგის მსაჯთა დეპარტამენტის დირექტორის პოსტს 8 წლის განმავლობაში იკავებდა.
მწვრთნელთა კლინიკაზე დასასწრებად მოწვეულნი იქნებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების, სუპერლიგისა და ა ლიგის, ასევე U22(A), U18(A), U16(A) წლამდელთა ჩემპიონატების A ლიგების მწვრთნელები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მწვრთნელთა განყოფილებას ნომერზე: 599 095 393
სამწვრთნელო კლინიკის განრიგის ნახვა ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში და ბმულზე ხელის დაჭერით შეგიძლიათ!