თბილისის მერიის კონკურსი: ნაკრებების მხარდასაჭერი ჰიმნი კალათბურთით დაიწყება

თბილისის მერიის კონკურსი: ნაკრებების მხარდასაჭერი ჰიმნი კალათბურთით დაიწყება

სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერის მიზნით, ქართველი სპორტსმენებისა და მათი გულშემატკივრების გამაერთიანებელი ჰიმნი შეიქმნება.
აღნიშნულ თემას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. პრესკონფერენციას ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი პირველი მოადგილე დავით ნამგალაური, თბილისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსი მერაბ ჩიქობავა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციაზე, უგულავამ და ვარძელაშვილმა საქომაგო ჰიმნის შესაქმნელად, კონკურსი გამოაცხადეს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, თბილისის მერიაში განცხადების შეტანა ოც მაისამდე შეეძლებათ. კონკურსანტებმა სიმღერა, ჩანაწერის სახით, კომპაქტ-დისკით უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს და მას 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო ჰიმნის ტექსტის ავტორი 700 ლარს მიიღებს. ჰიმნის სტუდიური ჩანაწერისა და კლიპის გადაღების ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.
 

თბილისის მერი გიგი უგულავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო
ვარძელაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი
 
ბოლო წლებში, ქართული სპორტული ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გახდა. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დადებითად წარმოჩენას. სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს თან ახლავს გულშემატკივართა განსაკუთრებული აქტივობა და მხარდაჭერა, რომელთა მხრიდან წამოსული დადებითი ემოცია და მუხტი თითოეულ სპორტულ მოვლენას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.
ქართველი სპორტსმენებიდან გამორჩეულ წარმატებას მორაგბეებმა და კალათბურთელებმა მიაღწიეს, რომლებიც მინდინარე წლის შემოდგომაზე, შესაბამისად, მსოფლიოსა (ახალი ზელანდია) და ევროპის (ლიტვა) ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზებენ. ამავე წლის მაისში, თბილისი ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის მონაწილენიც, აღნიშნული პირველობის დასრულების შემდეგ, ქუთაისში გადაინაცვლებენ და კონტინენტის პირველობას სწრაფ ჭადრაკში გაათამაშებენ.
2015 წელს, თბილისში, ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის მასპინძლობა ნებისმიერი ქალაქისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა დააჩქარა და დღის წესრიგში დააყენა ქართველი სპორტსმენებისა და მათი გულშემატკივრების გამაერთიანებელი ჰიმნის შექმნა. ხოლო რამდენად მასტიმულირებელი იქნება ახალი ჰიმნი ქართველი სპორტსმენებისთვის, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.
 
ახალი ქართული სანაკრებო ჰიმნი პირველად ლიტვაში აჟღერდება, როცა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 5 მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრები ჯგუფში სლოვენიას, რუსეთს, ბელგიას, ბულგარეთს და უკრაინას გაეჯიბრება და საუკეთესო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში დამატებით მინიმუმ 3 მატჩს ჩაატარებს.