თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა. თსუ ყოველთვის გამოირჩეოდა კალათბურთისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და მხარდაჭერით, ჩვენს ქვეყანაშიც სპორტის ამ სახეობის პირველი გუნდიც სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტში – 1922 წელს ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც თსუ აქტიურად განაგრძობს საკალათბურთო აქტივობას.
დღეს, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის დარბაზში საკალათბურთო აკადემიის გახსნა საზოგადოებას თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მიულოცა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ამ საქმეში სპორტი, კონკრეტულად კი კალათბურთი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
როგორც აღვნიშნეთ, თსუ-ში კალათბურთს ყოველთვის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა, თუმცა ამიერიდან სპორის ამ სახეობისადმი მიდგომა უწინდელზე მეტად ცენტრალიზებული, მოწესრიგებული და თანამედროვე გახდება. უნივერსიტეტის საკალათბურთო აკადემია თანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი, სადაც ბავშვებს 6 წლის ასაკიდან მიიღებენ და მათ გამოცდილი სპეციალისტები კალათბურთის საფუძვლებს შეასწავლიან.
თსუ-ს ისედაც ჰყავს ყველა ასაკობრივი გუნდი, რომლებიც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაშობენ, თუმცა მათი რიცხვი და მოთამაშეთა დონე პირობების გაუმჯობესების პარალელურად გაიზრდება. დღევანდელ პრეზენტაციაზე აკადემიის მომავალ გეგმებზე და კალათბურთის მნიშვნელობაზე თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ხარჯავანიძემ ისაუბრა. ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ს კანცლერი, ლაშა საღინაძე, უნივერსიტეტის სუპერლიგის გუნდის წევრები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, თსუ-ს ფუტსალელები, ახალგაზრდა სპორტსმენები და მათი მშობლები.
თსუ-ის საკალათბურთო აკადემია უნივერსიტეტის მე-2 და მაღლივ კორპუსებში 3 დარბაზს მოიცავს და პირველ ეტაპზე 400-ამდე მსურველზე იქნება გათვლილი. სამომავლოდ, ქვეყანაში საკალათბურთო აქტივობის გაფართოებისა და სპორტის ამ სახეობის მზარდი პოპულარობის პირობებში მათი რაოდენობა გაიზრდება. აკადემიის სახით, თსუ-ის სუპერლიგის გუნდს მყარი დასაყრდენი ეყოლება, საიდანაც სამომავლოდ სრულფასოვან შევსებას მიიღებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიესალმება ქვეყანაში საკალათბურთო სკოლების გახსნას, მით უფრო, თუ ისინი სუპერლიგის გუნდების ვერტიკალში შეიქმნება და მათი სახით საქართველოში მსხვილი, გამართულად მომუშავე საკალათბურთო კლუბები და საზოგადოებები ჩამოყალიბდება. დიდი დრო არ გასულა, რაც ანალოგიური საკალათბურთო აკადემია სუპერლიგის კლუბ “დელტას” ბაზაზე, ქალაქ გურჯაანში გაიხსნა, რითაც რეგიონში კალათბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშემწყობი ნაბიჯი გადაიდგა.