თბილისური ჩელენჯერის პირველ დღეს ალბანეთმა და მალტამ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს

თბილისური ჩელენჯერის პირველ დღეს ალბანეთმა და მალტამ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს

დღეს საქართველოს დედაქალაქში მორიგი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი დაიწყო. მოგეხსენებათ, გასულ თვეში თბილისმა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები ესტუმრნენ. ამჯერად სტუმრები ისეთი სახელიანი არ არიან, როგორიც საფრანგეთი, სერბეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა გოგონათა ევროჩელენჯერის მასპინძლობა ჩვენი საკალათბურთო საზოგადოებისთვის მართლაც გამორჩეული ამბავია.

გოგონათა კალათბურთის ხელშეწყობა – ეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომაც ტარდება თბილისში ფიბა-ს საერთაშორისო ტურნირი. მართალია, ჩვენი ნაკრები სადღეისოდ მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა საერთაშორისო აქტივობა, ახალგაზრდებთან სწორი და თავდაუზოგავი მუშაობა მომავლის იმედს იძლევა. 

თბილისურ ევროჩელენჯერში საქართველოსთან ერთად მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და სომხეთი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკედონიელები ისვენებდნენ, პირველ მატჩში კი ალბანეთმა სომხეთს შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა მეზობლებმა 37:61 (სტატისტიკა) წააგეს ალბანელებთან. რაც შეეხება ქართველებს, ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრა მალტასთან დათმო – 28:71 (სტატისტიკა).

ტურნირის მეორე დღეს, 10 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში კვლავ 2 მატჩი გაიმართება. 16:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონია მალტას დაუპირისპირდება, ხოლო 19:00 საათზე საქართველო ალბანეთს შეხვდება.