თორნიკე შენგელია: ექიმებმა ფეხის დატვირთვა ორი თვით ამიკრძალეს

თორნიკე შენგელია: ექიმებმა ფეხის დატვირთვა ორი თვით ამიკრძალეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „შარლერუას“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ფეხის ტრავმა მიიღო. ექიმების პირველადი ვერდიქტი საკმაოდ მძიმეა – 20 წლის ქართველ კალათბურთელს დატვირთვები 2 თვით აეკრძალა. შენგელიამ ფეხი ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მე–8 ტურში, 8 დეკემბერს იტკინა. სერბულ „პარტიზანთან“ მოგებულ შეხვედრაში თორნიკემ ევროლიგაში პირადი რეკორდი (17 ქულა) მიითვალა, თუმცა თამაშისას ფეხი დაიზიანა, რომელმაც ამ შედეგამდე მიიყვანა. შენგელიას დღეს ბელგიაში შევეხმიანეთ და ტრავმასთან ერთად სხვა საინტერესო საკითხებზეც გავესაუბრეთ.
 

 
– ფეხი 2 კვირის წინ, „პარტიზანთან“ ვიტკინე და როგორც აღმოჩნდა, ტერფის ძვალი მაქვს დაზიანებული.
– იმ მატჩის შემდეგ კიდევ 2 შეხვედრა ჩაატარე…
– როგორც აღმოჩნდა, ევროლიგაში „არმანისთან“ და ბელგიის ჩემპიონატში “ანტვერპენთან“ გაბზარული ძვლით ვითამაშე. ფეხი კი მაწუხებდა და ძალას ვერ ვატანდი, მაგრამ არ მეგონა, თუკი ასე სერიოზული ტრავმა მექნებოდა.
– ალბათ მაგით აიხსნება, რომ მაგ მატჩებში შედარებით მოკრძალებული შედეგი გქონდა…
– რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ეგ იყო. ნატკინ ფეხს ბოლომდე ვერ ვეყრდნობოდი და ეს ჩემს შედეგიანობაზეც აისახა.ამის შემდეგ კლუბის ექიმებმა ფეხზე რენტგენი გადამიღეს და 2 თვე ვარჯიში ამიკრძალეს.
– 2 თვე კალათბურთს საერთოდ უნდა ჩამოსშორდე?
– შესაძლოა, ძვალი მოსალოდნელზე ადრე აღდგეს. დააწლოებით ერთი თვის შემდეგ კვლავ ჩავიტარებ გამოკვლევას და შესაძლოა დატვირთვების ნება დამრთონ. მანამდე კი მხოლოდ ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე და აუზში ვივარჯიშებ, გუდთან ერთად გამართულ მოსამზადებელ პროცესს კი ჩამოვშორდები.
 

“შარლერუა” – “პარტიზანი”.
შენგელიამ ტრავმა ამ მატჩში მიიღო
 
– ტრავმა ალბათ განსაკუთრებით დასანანია, რადგან ახლა მიმდინარეობს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის გამოსავლენი გამოკითხვა…
– ტრავმა ყოველთვის დასანანია, ხოლო რაც შეეხება გამოკითხვას, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა ერთხელ მაინც მომცა. ჩემთვის ამ გამოკითხვაში მოხვედრა დიდი პატივია. ძალიან მიხარია, ისეთი კალათბურთელების გვერდით რომ დამაყენეს, რომლებიც ამ გამოკითხვაში მონაწილეობენ.
– მათ ალბათ პირადად იცნობ და რომელს გამოარჩევდი?
– ჩემი აზრით, ყველა ღირსეული კანდიდატია. ყველა კალათბურთელს კარგად ვიცნობ, უმეტესობასთან პირადად მითამაშია. 3 მათგანი წლეულს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდა – ენეს კანტერი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩიუნასი.
– შენი აზრით, რამდენად რეალურია ამ გამოკითხვაში გამარჯვების შანსი?
– ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს თავზე არ ვარ დამოკიდებული. ვისაც მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, გამარჯვებულიც ის იქნება. არ მაქვს საფუძველი, რომ გამოკითხის მოგებაზე ვისაუბრო. ჩემთვის ამ გამოკითხვაში მოხვედრა უკვე მნიშვნელოვანი წარმატებაა.
– მოგეხსენება, ევროპიდან ნბა ყოველწლიურად იღებს მნიშვნელოვან შევსებას. გამოკითხვაში მოხვერდილ მოთამაშეებს ამერიკაში გადასვლის რეალური შანსი აქვთ. ამ მხრივ შენს გეგმებზე რას გვეტყვი?
– ამ ეტაპზე ნბა–ს პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ისე კი, ამერიკაში გადასვლის სურვილი ნამდვილად მაქვს.
– შენი აზრით, ის თამაში, რასაც მიმდინარე სეზონში აჩვენებ, საკმარისია საიმისოდ, რომ დრაფტზე წარმატების იმედი გქონდეს?
– არ ვიცი, ასე გადაჭრით საუბარი რთულია. მაგალითად, მიმდინარე მომენტისთვის პერსპექტიული ევროპელი მოთამაშეების რეიტინგებში პირველ ადგილზე ვინცაა, სპეციალისტები მხოლოდ მას მიიჩნევენ მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში მოხვედრის კანდიდატად. მეორე ადგილზე მყოფს კი სპეციალისტთა აზრით მეორე რაუნდში მოხვედრა შეუძლია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სეზონში ნიჭიერი ამერიკელი მოთამაშეების სიჭარბეა. შესაბამისად, კონკურენცია დიდია და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქსიმალური მოწადინება მმართებს, რომ წლეულს დრაფტზე წარმატებულად გამოვიდე. ვნახოთ, წინ საკმაოდ დიდი დროა.
– მიმდინარე სეზონის მატჩებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდა?
– პირველ რიგში ევროლიგაში „რეალთან“ დებიუტს გამოვარჩევ. ყველაზე მეტად ის მატჩი დამამახსოვრდა. ასევე ყოველთვის მემახსოვრება „პარტიზანთან“ ბელგიაში და „ეფესთან“ თურქეთში მოგებული თამაშები. პირველში 17 ქულა დავაგროვე, ხოლო სტამბოლში გამარჯვება სენსაციის ტოლფასი იყო.
– ასაკობრივი ნაკრებებიდან უკვე თავისუფალი ხარ. ზაფხულში პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში მოგიწევს შეკრების გავლა, აქამდე იგორ კოკოშკოვის გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდან უერთდებოდი. ეს შენთვის კარგია თუ ცუდი?
– კარგია იმ მხრივ, რომ ნაკრებს დასვენებული შევუერთდები და შეკრების პირველივე დღიდან გუნდში ვიქნები. სამაგიეროდ, არ ვიქნები მომზადებული და კარგ სათამაშო ფორმაში, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ამ ტრავმის მიზეზი, ეხლა რომ მივიღე, გადაღლილობაა. მე ხომ უკვე რამდენიმე წელია, ფაქტობრივად შესვენების გარეშე ვთამაშობ. ექიმებმა მითხრეს, ეტყობა დატვირთვას ვერ გაუძლო და ამიტომ გაგებზარა ძვალიო.
– ეროვნული ნაკრების ევროშესარჩევი მეტოქეები 4 დეკემბერს გაირკვა. რას იტყვი ჯგუფის ფავორიტებსა და საქართველოს ნაკრების შანსებზე?
– ჯგუფის ფავორიტებად საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებებს მივიჩნევ, თუმცა არც ლატვია უნდა დავივიწყოთ. ლატვიელებთან გასულ აგვისტოში ამხანაგური მატჩები ვითამაშეთ, რომლებშიც საკმაოდ გაგვიჭირდა. საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, წარმატების მისაღწევად ყველასთან მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდებოდა. ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, რისთვისაც არაფერი არ უნდა დავიშუროთ.