საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანელის ლიგა ენდესას ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. ლიგამ 16 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალში დააწყვილა და გულშემატკივრებში გამოკითხვას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ შენგელიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი, 2014-დან 2020 წლამდე სწორედ ლიგა ენდესაში გაუტარებია და ესპანური კარიერა ჩემპიონობით დაასრულა. მიმდინარე სეზონის წინ შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.
მერვედფინალში მოთამაშეები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლა მიროტიჩი-მარსელინიო უერტასი, რუდი ფერნანდესი-ფაკუნდო კამპაცო, სერხიო როდრიგესო-ლუკა დონჩიჩი, ფელიპე რეიესი-ფრან ვასკესი, ჯეისი კეროლი-თორნიკე შენგელია, ხუან კარლოს ნავარო-ანტე ტომიჩი, ბოიან დუბლევიჩი-ვალტერ ტავარესი, სერხიო ლული-ფერნანდო სან ემეტერიო.
ლიგა ენდესას ტვიტერის გვერდზე თითოეული წყვილისთვის თითო დღეა გამოყოფილი. შენგელიასა და კეროლს შორის უმჯობესი 11 იანვარს უნდა გაირკვეს, ხმის მიცემა კი დილის 10:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებულს ნავაროსა და ტომიჩს შორის უმჯობესთან დაპირისპირება ელის. ვირტუალურ ბრძოლაში მეოთხედფინალები 19-22 იანვარსაა დაგეგმილი, ნახევარფინალები – 25-26 იანვარს, საუკეთესოს ვინაობას კი 28 იანვარს შევიტყობთ.
ცნობისთვის, შენგელიას ვალენსიასა (2008-09 წლების სეზონი) და ბასკონიას მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 182 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 2 227 ქულაა. თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 23.0 წუთი, 12.2 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.7 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.3.