თორნიკე შენგელია ევროლიგაში ითამაშებს

თორნიკე შენგელია ევროლიგაში ითამაშებს

თორნიკე შენგელია ევროლიგაში ითამაშებს. თანაც ისე, რომ 19 წლის ქართველი გუნდის ხუთეულის წევრი იქნება. ბელგიის „შარლერუამ“, რომელსაც შენგელია მიმდინარე სეზონში შეუერთდა, რამდენიმე წუთის წინ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში ჩეხური „ნიმბრუკი“ 79:53 გაანადგურა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზური მოიპოვა.
 
თორნიკე შენგელია კვლავ ხუთეულში იყო. ახალგაზრდა ქართველი საკვალიფიკაციო ტურნირის სამივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. პირველ ორ შეხვედრაში შენგელიამ 5–5 ქულა მოაგროვა, ამჯერად თავი 6 ქულას მოუყარა, ხოლო მეოდანზე ამ 3 თამაშიდან ყველაზე მეტი – 15 წუთი გაატარა. თორნიკემ 5–დან 2 ორქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო მიითვალა, 4 ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეპატრონა და მეტოქეს ერთხელ დააფარა.
 
შარლერუელებს ამერიკელებმა ულიდერეს: კრის ჰილმა 21 ქულა მოაგროვა, ხოლო დემონ მალეტმა – 18. წაგებულთაგან 10–ქულიანი ზღვარს მხოლოდ იუჯინ ლორენსმა მიაღწია. მაშ ასე, თორნიკე შენგელია ევროლიგაში მოხვდა. „შარლერუამ“ ქართველი ფორვარდი ამ სეზონის წინ დაიმატა, არადა, გასულ სეზონშიც მისი საკუთრება იყო, მაგრამ გამოცდილების მიღების მიზნით შედარებით სუსტ „პეპინსტერში“ ჰყავდა განათხოვრებული. ახლა კი დაიბრუნა და პირდაპირ ხუთეულში უბოძა ადგილი.
 
საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად ევროლიგის მეორე საგზური „გალათასარაიმ“ მიგო, ორმელმაც ვილნიუსში მასპინძელი „ლიეტუვოს რიტასი“ 71:63 დაამარცხა. “შარლერუას” ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ეყოლებათ: პოლონური “პროკომი”, ესპანური “ბარსელონა”, იტალიური “მონტეპასკი”, რუსული “უნიქსი” და სლოვენიური “ოლიმპია”. პირველ მატჩს შენგელიას გუნდი 19 ოქტომბერს სტუმრად “პროკომთან” ჩაატარებს.