საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი, თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) პრეზიდენტად აირჩიეს. ეს ამბავი აღნიშნული ორგანიზაციის ასამბლეაზე გადაწყდა, რომელსაც ესპანეთის ქალაქმა ბარსელონამ უმასპინძლა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა აღნიშნულ პოსტზე იტალიელი ჯიჯი დატომე შეცვალა, რომელიც ამიერიდან ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ორგანიზაციის სხვა ვიცე-პრეზიდენტები ურუგვაელი ჯეისონ გრეინჯერი, უნგრელი ადამ ჰანგა, სერბი ნიკოლა კალინიჩი, პოლონელი მატეუშ პონიტკა და ამერიკელი კაილ ჰაინსი იქნებიან. სამაგიეროდ, აღნიშნულ პოსტს დაემშვიდობნენ ლატვიელი იანის ტიმა და ბოსნიელი ნიჰად ჯედოვიჩი.
თორნიკე შენგელია: “ამაყი ვარ და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგანაც ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი ჩამაბარეს. რთული იქნება ჯიჯის შეცვლა, რომელმაც ორგანიზაციის შექმნასა და განვითარებაში უმთავრესი წვლილი შეიტანა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ბიჭებთან ერთად სამუშაო პროცესში სრულად ჩავერთვები და საშუალება მექნება, კალათბურთელთა მოქმედი და მომავალი თაობებისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო”.
ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია 2 წლის წინ დაფუძნდა და მისი უმთავრესი მოვალეობა კალათბურთელების უფლებების დაცვაა.