საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. შენგელია გასულ თვეში ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და საერთო ჯამში მან ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.
ევროლიგის 2023/24 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 5 ტურია გასული, ბოლონიელებისთვის კი ოქტომბერი ძალიან წარმატებული იყო. ვირტუსმა 5-იდან 4 თამაში მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიგაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს (5-იდან 5 მოგება).
სასტარტო ხუთ თამაშში თორნიკე შენგელია საშუალოდ 18,4 ქულას აგროვებდა, რაც ევროლიგაში მესამე შედეგია. ეფექტიანობის მაჩვენებლით კი, რომელიც 23,6 ბალს შეადგენს, ქართველი ფორვარდი ლიგაში მეორე ადგილს იკავებს. ამას გარდა, შენგელიას საშუალო მაჩვენებელი 4,8 მოხსნა და 4,0 პასი იყო. ის ორქულიანებს 75,0%-იანი, სამქულიანებს – 52,9%, ხოლო საჯარიმოებს – 85,0%-იანი სიზუსტით ისროდა.
ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:
“ევროლიგის პირველი თვე დაძაბული გამოვიდა, მოულოდნელობა კი ვირტუს ბოლონიას წარმატებული გამოსვლა იყო, რომლის ლიდერი-ვეტერანი თორნიკე შენგელია ოქტომბრის MVP გახდა.
მისი ძალისხმევის წყალობით, ვირტუსის გულშემატკივრები არა მხოლოდ თავიანთ კლუბს ხედავენ სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის, არამედ შეეძლებათ მომავალ თამაშში სერენადა უმღერონ კლუბის ისტორიაში ლიგის პირველ “თვის უძვირფასეს მოთამაშე” თორნიკე შენგელიას”.
თორნიკეს კარიერაში ერთხელ აქვს თვის MVP-ის ტიტული მოპოვებული. ეს 2018 წლის მარტში მოხდა, როცა ის ესპანური ბასკონიას ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონი თოკოს კარიერაში მე-11-ეა ევროლიგაში.
ევროლიგის მე-6 ტურის შეხვედრას ვირტუსი ბოლონიაში 3 ნოემბერს, თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.