თორნიკე შენგელია მოედანს 11 ქულით და ბამბერგის დამარცხებით დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს 11 ქულით და ბამბერგის დამარცხებით დაუბრუნდა

ტრავმის გამო მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფორვარდმა ევროლიგის მორიგ, 27-ე ტურში ითამაშა და “ბასკონიას” მორიგიგამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ვიტორიას გერმანული ბამბერგი ესტუმრა, რომელიც ბასკონიელებმა 103:79 გაანადგურეს.

შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 12:08 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა თორნიკე ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი ორჯერ დაკარგა, ხოლო მასზე მეტოქემ წესები 3-ჯერ დაარღვია. ის უშეცდომოდ უტევდა და 2 ორქულიანი, 2 სამიანი და 1 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერსა (17 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი) და ესპანელ ილიმანე დიოპს (16 ქულა, 6 მოხსნა) ჩამორჩა.
“ბროზე ბასკეტის” მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბერძენი ნიკოს ზისისი იყო 17 ქულით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა რიკი ჰიკმანმა კი 14 ქულა მიითვალა.
“ბასკონიამ” 14 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-8 ადგილი შეინარჩუნა, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 მარტს ჩაატარებს, როდესაც “ბარსელონას” ესტუმრება. კატალონიურმა გუნდმა 27-ე ტურში მალაგაში, გიორგი შერმადინის “უნიკახასთან”  91:95 წააგო. მოგეხსენებათ, ქართველ ცენტრს ტრავმა აწუხებს და რეაბილიტაციას გადის.