თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ უთამაშა. ეს 7 მატჩი მან საქართველოს ეროვნული ნაკრების იტალიასთან 14 ნოემბერს გამართული თამაშის შემდეგ გამოტოვა. მას კოჭი აწუხებდა და მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

შენგელიას დაბრუნება გუნდისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. ბოლონიელები ევროლიგის მატჩში პირეოსში ოლიმპიაკოსს შეხვდნენ და 46 ქულით, 71:117 განადგურდნენ. შენგელიამ მოედანზე 19:45 წუთი გაატარა და 9 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელები პირველივე მეოთხედში 16 ქულით ჩამორჩნენ და მას მერე მათი საქმე მხოლოდ უკან მიდიოდა. ვირტუსს 4 მოგების წილ მე-8 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგაში მე-15 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 14 დეკემბერს, შინ, ბერლინის ალბასთან ჩაატარებს.