თორნიკე შენგელია: “მომავალ კვირაში ამერიკაში მივემგზავრები”

თორნიკე შენგელია: “მომავალ კვირაში ამერიკაში მივემგზავრები”

თორნიკე შენგელიამ ნბა–ს მიერ იტალიაში ორგანიზებულ კემპზე თავი ისახელა და დრაფტზე წარმატებულ ნომრად არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ტრევიზოში ევროპის კონტინენტის ყველაზე პრესპექტიულმა ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. სწორედ ეს კემპი გახლავთ ყველაზე კარგი საშუალება საიმისოდ, რომ ნბა–ს კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახვო. ტრევიზოს კემპი ერთგვარი ფანჯარაა, რომლიდანაც ევროპის პერსპექტიული ახალგაზრდები ნბა–ში გადადის. იტალიურ კემპზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშნოვიც, რომელიც შიდა–ტურნირის ერთ–ერთ გუნდს ხელმძღვანელობდა. ტრევიზოში მომხდარ ამბებზე კალათბურთის ფედერაციის ვეგ–გვერდს თორნიკე შენგელია ესაუბრება, რომელსაც ბელგიაში დავუკავშირდით.
 
– სანამ შენი გამოსვლის შესახებ გკითხავდე, იმ გარემოს შესახებ გვითხარი, რომელიც ტრევიზოში სუფევდა…
 
– გარემო შესანიშნავი იყო. ტრევიზოში თავი ევროპის თითქმის ყველა პერსპექტიულმა ახალგაზრდა კალათბურთელმა მოიყარა. სპეციალესტებზე, სკაუტებსა და დამკვირვებლებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იქ იყო ნბა–ს 30–ივე გუნდის წარმომადგენელი, ასევე ევროპის ყველა ქვეყნიდან იყვნენ მენეჯერები, მწვრთნელები და დამკვირვებლები. ყველას აინტერესებდა იმ თაობის ხილვა, რომელიც ევროპულ კალათბურთში მოდის. უშუალოდ კემპისთვის მოწვეული იყვნენ საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ვარჯიშებს ატარებდნენ და თამაშებში გუნდებს ხელმძღვანელობდნენ. ერთ–ერთი მათგანი იგორ კოკოშკოვიც იყო.
 
– მასთან ურთიერთობა ხომ არ მოგიწია?
 
– კოკოშკოვს პირადად ვხვდებოდი და ვსაუბრობდით ხოლმე. ისე კი იგი ჩენი გუნდის მწვრთნელი არ ყოფილა. იგორი ნიკა მეტრეველის გუნდს ხელმძღვანელობდა. ძალიან გამეხარდა მათი ტრევიზოში ნახვა.
 
– როგორი იყო კემპის დღიური განრიგი?
 
– კემპზე დაახლოებით 50 მონაწილე ვიყავით. დილას ვარჯიშები გვქონდა. სხვადასხვა კომპონენტებში გვამზადებდნენ. ვაბარებდით ნორმატივებს ხტომაში, სირბილში, დრიბლინგში და ასე შემდეგ. შუადღეს თამაში გვქონდა, ხოლო დღის ბოლოს კი ოლ სტარი იმართებოდა, რომელშიც გამორჩეული კალათბურთელები თამაშობდნენ.
 
– პირველ დღეს ოლ სტარში რატომ არ ითამაშე?
 
–  გადაღლილობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ოლ სტარში ჩემი თამაში თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ეს გარემოება გაითვალისწინეს და დავისვენე. საქმე იმაშია, რომ 8 ივნისის ღამეს ბელგიის ჩემპიონატის ფინალური მატჩი რომ ვითამაშე, 3 საათში იტალიაში გავემგზავრე. დილას ვივარჯიშე, მერე ვითამაშე და ოლ სტარში ნამდვილად ვეღარ გამოვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს.
 
– სამაგიეროდ, მეორე დღის ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე გახდი, არადა, შუადღის მატჩში მხოლოდ 4 ქულას დასჯერდი.
 
– დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, თუ ვინ რამდენ ქულას მოაგროვებდა. ოლ სტარში იმ მოთამაშეებს იწვევდნენ, ვისი ნახვაც სკაუტებს და მწვრთნელებს განსაკუთრებით აინტერესებდათ. რაც შეეხება პირველ ოლ სტარს, ნორმალურად ვითამაშე. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დამაკლდა. უკეთესადაც შემეძლო, მაგრამ…
 
– მესამე დღესაც ოლ სტარში მიგიწვიეს. ეს ნიშნავს, რომ შენი თამაშის ნახვაზე დიდი მოთხოვნილება იყო…
 
– კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, ვის უნდოდა ჩემი ნახვა. მესამე დღის ოლ სტარი კი შემაჯამებელი მატჩი იყო, რომელსაც მთლიანად ტურნირის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის დატვირთვა ჰქონდა. თუმცა ამ შეხვედრამდეც მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ. საქმე იმაშია, რომ ტრევიზოს კემპის ისტორიაში ყველა მატჩი რამდენიმე გუნდს თუ მოუგია. ამიტომ, ჩვენს მწვრთნელს და ჩვენც, მოთამაშეებს, გამარჯვება გვინდოდა. საბედნიეროდ, მოვიგეთ და ტურნირი მაქსიმალური შედეგით დავასრულეთ.
 
– კემპის შემაჯამებელ ოლ სტარშიც ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყავი…
 
– ძალიან რთული თამაში იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების სახით. აქაც ერთგვარი ტრადიცია არ დავარღვიეთ, რომლის თანახმადაც ტურნირის „ყველა ვარსკვლავთა“ გუნდი არ აგებს. არადა, მესამე მეოთხედში 15 ქულით ჩამორვჩით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ.
 
– რა გამოხმაურება მოჰყვა შენს თამაშს?
 
– არ ვიცი, კონკრეტულად რომელი გუნდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ და რას აპირებენ მომავალში. თუკი დაინტერესება იქნება, კლუბები ჩემს მენეჯერებს დაუკავშირდებიან. ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რომელი კლუბი დაინტერესდა.
 
– შენი უახლესი გეგმები როგორია?
 
– შემდეგ კვირაში ამერიკაში მივემგზავრები, სადაც სავარაუდოდ წინასადრაფტო ვარჯიშებში მივიღებ მონაწილეობას, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით კონკრეტული გუნდების შესახებ არაფერი ვიცი.
 
– ამერიკულ ვებ–გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი შანსები გაიზარდა. წერენ, შენგელიას დრაფტის მეორე რაუნდის დასაწყისში აირჩევენო.
 
– დრაფტი ისეთი რამეა, რომ გადაჭრით ვერ იტყვი, რომელ ნომრად აგირჩევენ. ასეთი მყარი გარანტია იშვიათია.
 
– დრაფტზე არჩევის შემთხვევაში, მოახერხებ თუ არა შენი ამრჩევი გუნდისგან კონტრაქტი დაიმსახურო?
 
– ძნელია ამის თქმა. თუკი დრაფტზე ამირჩიეს, მერე ახალ გუნდთან კიდევ მომიწევს სხვადასხვა კემპებზე გამოსვლა. იქ, ამერიკაში, სულ სხვა კალათბურთია. ასე რომ ძნელი სათქმელია, რას ვიზავ. ჩემის მხრივ კი ცდას არ დავაკლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ამრჩევი გუნდისგან კონტრაქტი დავიმსახურო.
 
ინტერვიუ შენგელიასთან ტრევიზოს კემპზე: http://www.youtube.com/watch?v=vQbskMWfeZ8
 
კემპის ვიდეომასალა: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=i_2r1VLqg_U