თორნიკე შენგელია: თუკი ნბა–ს გუნდებს ჩემს ძალას დავუმტკიცებ, დრაფტზე დავრჩები

თორნიკე შენგელია: თუკი ნბა–ს გუნდებს ჩემს ძალას დავუმტკიცებ, დრაფტზე დავრჩები

თორნიკე შენგელიამ საკუთარი კანდიდატურა ნბა–ს მოახლოებულ დრაფტზე დააყენა. 23 ივნისს მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების მორიგ შევსებას მიიღებს. იქნება თუ არა მათ შორის ქართველი ფორვარდი, ჯერაც უცნობია. კანდიდატი თხმოცდაცხრაა, სულ კი დრაფტზე 60 კალათბურთელს აირჩევენ (თითო გუნდი ორ–ორს). თორნიკე შენგელია 19 წლისაა, დრატზე დადგომის შესაძლებლობა კი ყველა მოთამაშეს 22 წლამდე აქვს. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, შენგელიამ წლევანდელ დრაფტზე დადგომა გადაიფიქროს: კანდიდატებს 4 ივნისამდე შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი უკან გაიტანონ. შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, “ოკაპის” წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა. მას სულ რაღაც 2 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ეს მცირე ინტერვიუ კი თორნიკეს ამ მატჩამდე ჩამოვართვით.
 
– ნბა–ს დრაფტზე დამდგარ მოთამაშეთა სიაში შენი გვარიც ვნახეთ. გადაწყვეტილება როდის მიიღე?
– გადაწყვეტილება ჩემს აგენტთან შეთანხმებით მივიღე. დრაფტზე წლეულს 89 კალათბურთელი დადგა, თუმცა, ეს სია მნიშვნელოვნად შემცირდება.
– ჩვენ შენი ამბავი გვაინტერესებს. რას გეგმავ, დადგები დრაფტზე, თუ შენს გვარს კანდიდატთა სიიდან ამოიღებ?
– ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი წარმატებით გამოვალ ნბა–ს გუნდების წინასადრაფტო ვარჯიშებზე.
– ანუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ ამ ვარჯიშებში მონაწილეობას მიიღებ?
– დიახ, სეზონი დასრულდება და მერე ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას.
– კონკრეტულად თუ იცი, რომელი გუნდის ღია ვარჯიშებში მიიღებ მონაწილეობას?
– ჯერ არაფერი არ ვიცი. დასრულდება სეზონი და ამის შემდეგ შევიტყობ ყველაფერს. კლუბებთან ურთიერთობას ჩემი აგენტი აწარმოებს. ვგეგმავ, რომ ნბა–ს რამდენიმე გუნდის ვარჯიშზე მივიდე და თუკი იქაურებს თავს მოვაწონებ და გარკვეულ გარანტიებს მივიღებ, რომ ამიყვანენ, დრაფტზე დავდგები. არადა, კანდიდატურას გამოვიტანთ. საჩქარო ნამდვილად არ მაქვს, რადგან წინ კიდევ 3  წელი მაქვს და როცა ყველაზე უკეთესი შანსი მექნება, დრაფტზეც მაშინ დავდგები.
– როგორ თვლი, წლევანდელ დრაფტზე როგორი შანსები გაქვს? რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით?
– წარმატებულ სეზონს ნამდვილად არ ვატარებ. „შარლერუამ“ შედარებით სუსტ „ვევინსტერში“ სათამაშო პრაქტიკის მიღებისა და კლასის ამაღლების გამო გამანათხოვრა. გარკვეულწილად ეს ესეც ხდება, თუმცა მწვრთნელი ხან მენდობა, ხანაც ცოტას მათამაშებს. მეც სტაბილურობა მაკლია და შეიძლება ერთ თამაშში კარგად რომ ვითამაშებ, მეორეში წარუმატებლად ვიასპარეზო. სტაბილურობა მჭირდება და ვეცდები, სეზონის დარჩენილ თამაშებში თავი გამოვიჩინო.
 
შენგელიამ დაგეგმილის შესრულება წარმატებით დაიწყო. თორნიკემ ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში შესანიშნავად ითამაშა. მისმა პეპინსტერმა“ სტუმრად „ოკაპისთან“ 88:103 წააგო, შენგელიამ კი 29 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. თორნიკემ 9–დან 7 ორქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შენგელია თავის გუნდში მხოლოდ რაშუან ფრიმენს ჩამორჩა, რომელმაც 36 წუთში 28 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. შენგელიას გუნდს 30 მატჩიდან 10 მოგება აქვს და „ლიეჟთან“ ერთად VII-VIII ადგილებს იყოფს. „პეპინსტერი“ პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 6 გუნდს შორის მოსახვედრად იბრძვის.