თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში ევროთასის გამარჯვებულია

თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში ევროთასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროთასი მოიგო. ეს ევროპაში დონით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა ევროლიგის შემდეგ. თორნიკე და დენი ჰაკეტი ამ ზამთარს ცსკა-დან ბოლონიის „ვირტუსში“ გადავიდნენ, გუნდი იმდენად გააძლიერეს, რომ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტადაც იქცნენ და ევროთასი დამაჯერებელი თამაშით მოიგეს. „ვირტუსმა“ ფინალში „ბურსასპორი“ 80:67 დაამარცხა.

ბოლონიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 25:12 მოიგო, რის შემდეგაც „ბურსასპორმა“ გადასწრება ვეღარ მოახერხა, თუმცა ბოლომდე ებრძოლა და მასპინძლებს მოდუნების საშუალება არ მისცა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თოკოს გუნდელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.