თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაიწყო

თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაიწყო

თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატის პირველსავე ტურში საუცხოოდ ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც 5 ოქტომბერს 20 წლის გახდა, „ლიეჟთან“ გასვლით მატჩში  თავისიანთაგან საუკეთესო იყო. მატჩის მონაწილეთაგან მხოლოდ თორნიკემ შეასრულა ორმაგი დუბლი. მისმა „შარლერუამ“ კი „ლიეჟი“ 87:60 დაამარცხა.
 
რაც ბელგიის მოქმედ ჩემპიონ „შარლერუაში“ გადავიდა, შენგელია სულ ხუთეულშია. „ლიეჟთან“ შეხვედრაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თორნიკემ და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 20 წლის ქართველმა 10-დან 5 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ საკუთარ ფარზე 8, ხოლო მეტოქისაზე 4 მოხსნა მიითვალა და ეს მაშინ, როცა მატჩის მონაწილეთაგან 5 მოხსნაზე მეტი ვერავინ მოაგროვა.
 

 
„შარლერუას“ რიგებში 18 ქულით ბომბარდირი დემონდ მალეტი გახდა, ხოლო კრის ჰილმა 13 დააგროვა, სალებ გრინმა კი 11. „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე სეზონიც წარმატებით დაიწყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ შენგელია ბელგიის ჩემპიონატში მიჯრით მეორე სეზონს ატარებს. იგი კონტრაქტით შარშანაც ეკუთვნოდა „შარლერუას“, თუმცა გამოცდილების შეძენის მიზნით შედარებით სუსტ „პეპინსტერში“ იყო განათხოვრებული. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „შარლერუამ“ უმალ თავისთან იხმო შენგელია და ახალგაზრდა ქართველს ხუთეულში ადგილიც უბოძა. შენგელიამ ჩინებულად ითამაშა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და „შარლერუას“ ამ პრესტიჟული ტურნირის რეგულარულ ჩემპიონატში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა კი ბელგიის ჩემპიონატიც წარმატებით დაიწყო…