თორნიკე შენგელიამ ახალ 2021-2022 წლების სეზონში პირველი ტიტული მოიგო. VTB ლიგის სუპერთასის ფინალში მოსკოვის ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა. შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ტურნირის ნახევარფინალში ყუბანის ლოკომოტივს 91:78 სძლიეს, ფინალური შეხვედრა კი 81:73 მოიგეს და სუპერთასს დაეპატრონნენ.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 17:58 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მოსკოველებმა პეტერბურგელებზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მე-2 მაჩვენებელი იყო სერბი ნიკოლა მილუტინოვის (+14) შემდეგ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. ზენიტის რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ უკანახაზელ კონერ ფრენკამპს.
ცსკა VTB ლიგის ახალ სეზონს 23 სექტემბერს დაიწყებს, როდესაც სტუმრად ბელარუსის ცმოკი-მინსკს ეთამაშება.