თორნიკე შენგელიას „ლაბიორალ კუტხამ“ ევროლიგის სადებიუტო მატჩში ლიტვურ „ნეპტუნასს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 88:69 დაამარცხა. ეს გახლდათ ევროლიგის მიმდინარე სეზონის გახსნის მატჩი და მასში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა ქართველმა ფორვარდმა.
შენგელიამ ტრავმის შემდეგ პირველად 11 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ითამაშა და დამაჯერებლად გაისარჯა. ქართველი ფორვარდი უფრო შედეგიანი იყო ევროლიგის დღევანდელ მატჩში.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მთლიანობაში 22:07 წუთი ითამაშა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მას 12 ქულა, თავის გუნდსი უმეტესი 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა.
შენგელია (ღია ფორმაში) ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის
შენგელიას ბურთი არ დაუკარგავს, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეები 3-ჯერ აიძულა, მასზე წესები დაერღვიათ. ქართველი ფროვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 ერთეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით თავის გუნდში ტომას ჰუერტელს (28) და სან ემეტერიოს (21) ჩამორჩა. ჰუერტელმა 13 ქულა და 10 პასი დააგროვა. მატჩის ბომბარდირი კი დავის ბერტანსი გახდა 20 ქულით, რომელსაც შენგელიაზე 1-ით ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა.
ევროლიგის მორიგ ტურში, 24 ოქტომბერს „ლაბორალი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, მანამდე კი, 19-ში, ესპანეთის პრიმერადივიზიონში სტუმრად „ანდორას“ ეთამაშება.