19 წლის თორნიკე შენგელიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი „პეპინსტერი“ სტუმრად „ოსტენდეს“ შეხვდა და მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი მოედანზე 36 წუთს დატოვა. რაც „პეპინსტერშია“, ანუ ამ სეზონში, შენგელიას ამდენი ხანი არ უთამაშია. შენგელიამ ნდობა გაამართლა და თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 18 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა – ორივე ეს შედეგი მისთვის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია. შენგელიამ 11–ჯერ შეუტია „ოსტენდეს“ კალათს საშუალო დისტანციიდან და 8–ჯერ იხეირა, სამივე სამიანი კი ააცილა. თორნიკეს ორჯერ მოუხდა საჯარიმოს სროლა და ორივე ჩააგდო. როგორც ჩანს, შენგელია ისე კარგად თამაშობდა, მას შეცვლას არ უპირებდნენ, რადგან ქართველმა ფორვარდმა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა.
უტევს თირნიკე შენგელია
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და შენგელიას ლამის მარტო უწევრა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ქართველის გარდა პეპინსტერელთაგან 10–ქულიან ზღვარს სტივენ ჯექსონმა (12 ქულა) გადააბიჯა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ოსტენდელები 3 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და საბოლოოდ დამაჯერებლად – 77:60 მოიგეს.
7 მოგებითა და 14 მარცხით „პეპინსტერი“ 9–გუნდიან ლიგაში მე–7 ადგილზე იმყოფება.