თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის 1/4 ფინალიდან ცსკამ გამოაგდო

თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის 1/4 ფინალიდან ცსკამ გამოაგდო

თორნიკე შენგელიასა და მისი “ბასკონიასთვის” ევროლიგის სეზონი დასრულდა. ბასკონიელებმა საკუთარ – “ბუესა არენაზე” ცსკა-სთან მეორე მატჩიც წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. არადა, ესპანური კლუბი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაშ იგებდა – ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით ლიდერობდა, თუმცა ნანდო დე კოლოსა და კორი ჰიგინსის შედეგიანი თამაშის წყალობით არმიელებმა ბოლო პერიოდი 24:12 მოიგეს და საბოლოოდ 92:83 გაიმარჯვეს.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:43 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანური გუნდის რიგებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარე იყო, ცსკა-ს კი კვლავაც ასევე ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა 27 ქულით.

უკვე ცნობილია, რომ სწორედ ვიტორიაში დაგეგმილ “ოთხთა ფინალში” ცსკა მადრიდის “რეალს” ეთამაშება, სტამბულის “ფენერბაჰჩე” კი “ბარსელონასა” და “ანადოლუ ეფესს” გამარჯვებულს დაუპირსპირდება.