თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და „ბარსელონას“ რთული გამარჯვება

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და „ბარსელონას“ რთული გამარჯვება

ესპანეთის ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ შორის თორნიკე შენგელიას ბენეფისად იქცა. კატალონიურმა გრანდმა დაძაბულ ბრძოლაში, 95:92 სძლია ვიტორიელებს, მატჩის ბედი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა — მეოთხე პერიოდში მოპოვებული 4-ქულიანი უპირატესობა „ბარსასთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც ადრე ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, 30 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო საშუალო დისტანციიდან (8/12 ორქულიანი) და საჯარიმოს ხაზიდან (4/6), სამქულიანი კი საერთოდ არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს მიაღწია.

ლიგა ენდესამ ქართველი ფორვარდის თამაში ერთი სიტყვით შეაფასა — „განუზომელი“, რაც ხაზს უსვამს მის გადამწყვეტ როლს მატჩის კულმინაციურ მომენტში. შედეგიანობით შენგელიას მხოლოდ მეტოქე გუნდის წევრმა, კობი სიმონსმა გადაასწრო (25 ქულა, მარგი ქმედება 27). რაც შეეხება „ბასკონიას“ ქართველ ახალგაზრდას, მათე ხატიაშვილს, ამჯერად მას სათამაშო დრო არ მისცემია.