თორნიკე შენგელიას დაბრუნების თარიღს მისი ოპერაციის შემდეგ შევიტყობთ

თორნიკე შენგელიას დაბრუნების თარიღს მისი ოპერაციის შემდეგ შევიტყობთ

თორნიკე შენგელია მუხლზე მენისკის ოპერაციას 31 ივლისს გაიკეთებს – ეს ოფიციალური განცხადება ”ბრუკლინ ნეთსის” გენერალურმა მენეჯერმა, ბილი ნაითმა გააკეთა. ბრუკლინელთა შტაბში არაფერს ამბობენ ქართველი ფორვარდის რეაბილიტაციის ხანგრძლივობაზე – ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციის შემდეგ გაირკვევა. შესაძლებელია, შენგელია ვარჯიშს 15 დღეში შეუდგეს, ანდაც მის დაბრუნებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს.
ამერიკულ პრესაში გამოითქვა ვარაუდები, რომ შენგელიას მუხლის სრულ აღდგენას შესაძლოა იმდენი დრო დასჭირდეს, რომ ქართველ ფორვარდს ნბა-ს სეზონის საწყისი თამაშები გაუცდეს. თუმცა ამავე საინფორმაციო საშუალებაში (http://probasketballtalk.nbcsports.com) ვკითხულობთ, რომ შენგელიამ ფეხი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშის დროს დაიზიანა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ერთი სიტყვით, დღესდღეობით ისაა ცნობილი, რომ შენგელია 31 ივლისს ოპერაციას გაიკეთებს, ხოლო რამდენი დრო დასჭირდება მის რეაბილიტაციას, ამას მხოლოდ ოპერაციის შემდეგ გავიგებთ. როგორც დღეს ბათუმში მყოფმა თორნიკეს მამამ, კახა შენგელიამ განაცხადა, წინასწარი ვარაუდით, თოკოს მოედანზე დაბრუნებას ოპერაციიდან 2 კვირაში ელიან.