ევროლიგის სეზონი წარუმატებლად დაიწყო თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიასთვის. იტალიურმა კლუბმა კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 68:71 დამარცხდა. ეს გახლდათ მესამე დამარცხება მესამე მატჩში და ამ შედეგით ბოლონიელები ევროლიგის ცხრილის ბოლო, მე-18 საფეხურზე არიან.
თორნიკე შენგელიამ შედეგიანად ითამაშა და ის, რომ ბოლონიელებმა 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ქართელი ფორვარდის დიდი დამსახურებაა. შენგელია ალესანდრო პაიოლასთან ერთად ვირტუსში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. თორნიკემ 28:27 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია: 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, შენგელიამ მე-5 პერსონალურის გამო მოედანი რომ დატოვა და წინ გასული ვირტუსი დარჩენილ დროში ჟალგირისთან დამარცხდა.
ჟალგირისის სამწვრთნელო შტაბში იმყოფებოდა ქართველი მწვრთნელი ანდრია ანთელაძე, რომელმაც ლიეტუვური კარიერა 3 წლის წინ კაუნასელთა ბავშვთა გუნდიდან დაიწყო და დღეს ის უკვე დიდი გუნდის წევრია.
მომდევნო ტურში ვირტუსი კიდევ ერთ გუნდს შეხვდება, რომლის სამწვრთნელო შტაბში ქართველი მწვრთნელია – 18 ოქტომბერს ბოლონიელები მონაკოში ამ სახელწოდების გუნდს დაუპირისპირდება, სადაც ეროვნული ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.