თორნიკე შენგელიას სასარისთან მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა

თორნიკე შენგელიას სასარისთან მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა

თორნიკე შენგელია კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ვირტუს ბოლონიაში ქართველი ფორვარდი დიდებულ ფორმაშია და სტატისტიკაც შესაბამისი აქვს. იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-4 ტურში ბოლონიელებმა სადარი დინამოს უმასპინძლეს და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 80:60 დაამარცხეს. 

ამჯერად შენგელიამ ჩვეულებრივზე მეტი უნივერსალიზმი გამოავლინა და სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა. თორნიკეს ანგარიშზე 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასია. მან 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. 

შეხვედრის პირველი მეოთხედი სასარიმ 2 ქულით მოიგო, მეორე ნახევარში კი, შეიძლება ითქვას, რომ ვირტუსმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, რადგან მეტოქეს 10 ქულით გაექცა. შენგელიას გუნდმა ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოო ჯამში, 14 ქულით მოიგო.

ოთხიდან ოთხი გამარჯვებით ვირტუსი სერიია A-ს ლიდერია. შემდეგ შეხვედრას ლუკა ბანკის გუნდი 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგულ ვილერბანთან გამართავს, იტალიის სერია A-ში კი 30 ოქტომბერს ნაპოლის ესტუმრება.