“ა” ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა თსსუ-მ. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა სამედიცინო უნივერსიტეტელებმა სუპერლიგიდან დაქვეითებული “ვერა” დამატებით დროში – 85:78 (სტატისტიკა) დაამარცხეს.
10-ქულიანი სხვაობა მოწმობს იმას, რომ ოვერტაიმში ვერა გატყდა. მანამდე თითქმის მოგებული გუნდი, რომელსაც მედიკოსებმა ანგარიში ბოლო წამებზე გაუთანაბრეს, დამატებით 5-წუთეულში ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიკურადაც გატყდა. მედიკოსებს გამოადგათ ახალწვეული ბრენდონ ალსტონი, რომელიც შარშან სუპერლიგელი ბათუმის ღირსებას იცავდა.
ალსტონმა ბოლო წუთზე ეგრეთწოდებული AND1-ით მოახერხა ანგარიშის 67:67 გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. მედიკოსებმა ბრძოლისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ლიგაში დასარჩენად ბრძოლის გზაზე მეტი სტიმული მიიღეს.
ალსტონმა შეხვედრა 20 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. მეორე ლეგიონერმა, ასტონ მორტონმა 17 ქულა, 9 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 12 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ლევან აფციაურის ანგარიშზე დაგროვდა. ვერას შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო აზარია სეი, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა. 20 ქულა კრისტიან სტიუარტის ანგარიშზეა.
“ა” ლიგის მორიგი მატჩები 14 თებერვალს გაიმართება.