5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპში და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
ბოლოს, საქართველოდან ევროტურნირზე 5 წლის წინ, 2017-2018 წლების სეზონში თბილისის დინამომ ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ერთი საფეხურით დაბლა მყოფ ევროპის თასზე გადაინაცვლა. დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული 6 მატჩიდან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, რის შემდეგაც დინამომ კიდევ ერთხელ ცადა ბედი, მაგრამ საკვალიფიკაციო ვერ დაძლია და მას შემდეგ საქართველოს ევროტურნირებზე წარმომადგენელი არ ჰყოლია.
თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დააგვირგვინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს.
5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე FIBA-ს მთავარ ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება, სადაც გაირკვევა თსუ-ს მეტოქე. ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი უკვე დაკავებულია. დარჩენილი 3 საგზურისთვის 24 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს, რომელიც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, 24 გუნდი 3 ნაწილად გაიყოფა. თსუ მოხვდა ეგრეთწოდებულ ჩემპიონთა ჯგუფში, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ჩემპიონები არიან თავმოყრილნი. ეს გუნდები ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის რეიტინგის მიხედვით (4-4-ად) 2 კალათაში განაწილდა და 5 ივლისს დაწყვილდებიან. მინი-საკვალიფიკაციო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება და გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 16 გუნდიც 2-ად გაიყო და ისინი ცალ-ცალკე გაითამაშებენ კიდევ 2 საგზურს.
ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას, ერთი საფეხურით დაბლა მდგომ FIBA ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება და 4-გუნდიანი ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა.
თსუ-ში დაწყებულია მოთამაშეთა სელექცია და მოკლე ხანში გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება. ქართველ კალათბურთელებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გაძლიერდება ლეგიონერებით, რომლებიც თსუ-ს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარებიან.
თსუ-ს პირველ კორპუსში 3 ივლისს ამ ამბავთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა. რექტორმა, ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს საკუთარ მისაღებში უმასპინძლა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან, კლუბის პრეზიდენტ ირაკლი ხარჯავანიძესა და გუნდის კაპიტან, გიორგი ცინცაძესთან ერთად. თსუ-ს ევროტურნირში ასპარეზობაში კალათბურთის ფედერაცია როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური და ლოჯისტიკური კუთხით დაეხმარება, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელობამ და წევრებმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტროს მადლობა გადაუხადეს.