თსუ გერმანიაში გიოტინგენთან ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

თსუ გერმანიაში გიოტინგენთან ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ფიბა ევროპის თასზე 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ქართულმა გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ, რომელმაც თავდაპირველად ბედი FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაზე სცადა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მწარე მარცხი განიცადა, საფეხურით დაბლა მდგომ ევროტურნირზე გადაინაცვლა და პირველივე მატჩში მოგების რეალური შანსი ჰქონდა. თანაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ეს მოახერხა ნომინალური გამთამაშებლის გარეშე, ფაქტობრივად 7 კალათბურთელით. მერვე კალათბურთელი, რომელმაც მოედანზე ფეხი დადგა, თსუ-სთან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული და მწვრთნელებმა მხოლოდ 28 წამით ათამაშეს. 

თსუ-ს მეტოქე უბრალო გუნდი არ გახლდათ – საკუთარი ქომაგებით სავსე დარბაზში მოთამაშე გიოტინგენი გერმანული ბუნდესლიგის წევრია, ხოლო ეს ქვეყანა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ზაფხულში ინდონეზიაში თასი რომ ასწია, ნაკრებში არაერთი ბუნდესლიგელი ჰყავდა. გიოტინგენმა ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი მოიგო, შემდეგი კი გამოტოვა (როგორც თსუ-მ სუპერლიგაში) ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის გამო.

მატჩის შემხედავი ვერავინ იტყოდა, რომ გუნდებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა იყო. საწყისი პერიოდი თსუ-მა 20:12 მოიგო და მოგვიანებით, როცა მეტოქეს ჩამორჩა, თამაშში დაბრუნება კვლავ მოახერხა, რითაც დაამტკიცა, რომ დებიუტში მოპოვებული დამაჯერებელი უპირატესობა შემთხვევითობა არ ყოფილა.

როგორ მოახერხა თსუ-მ პერიოდის 20:12 მოგება და მეორეში 10 ქულით დაწინაურება? სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვით, რისი ამომავალი წერტილი, სწორედაც რომ დაცვა იყო. თსუ-ს ტანმაღალ მოთამაშეებს – გიორგი ტურძილაძეს და ალექსანდრე ფევაძეს საიმედოდ ჰქონდათ საკუთარი სამწამიანი ზონა გადაკეტილი და იქ გერმანელთა ცენტრს არ უშვებდა. გიოტინგენმა თსუ ვერც სისწრაფეში დაჩაგრა და ერთადერთი საშუალება შორი სროლები – მასპინძლებს არ წაუვიდათ, რაც ისევ და ისევ უნივერსიტეტელთა საიმედო, მჭიდრო დაცვის დამსახურება გახლდათ.

გიორგი ცინცაის და რატი ანდრონიკაშვილის არყოფნაში თსუ-ს გამთამაშებელი აღარ დარჩა. ეს მისია ტაირი ბოიკინმა ითავა, რომელიც მსროლელი, ეგრეთწოდებული მსროლელის პოზიციაა და ამ თამაშში ეს სახელი ხომ გაამართლა, ბურთიც ჩინებულად გაათამაშა. ბოიკინმა 38 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა. მისი მოვალეობა ბურთის თსუ-ს შეტევ კახა ჯინჭარაძემდე მიტანა იყო, თუმცა ბოიკინი მეორე ნახევარში მთავარი პირი გახდა და სამქულიანებით თსუ-ს ბოლო წუთებზე დაწინაურებაში ხომ შეეშველა, თითქმის უიმედო სიტუაციაში ლამის სენსაცია მოახდინა.

სწორედ ეს ეპიზოდი და მისი წინა სათამაშო სცენარი იყო მატჩის გადამწყვეტი. მეორე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, თსუ-მ მოახერხა თამაშის დალაგება და მესამე პერიოდში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თსუ ბოლო წუთებამდე ბრძოლით, თავდადებული თამაშით მივიდა, რაშიც მოედანზე მყოფ ყევლა მოთამაშეს სოლიდური წილი მიუძღვის. ჯინჭარაძე მანამდეც აქტიური იყო და თსუ დიდი სხვაობით რომ არ ჩამორჩა, მისი დამსახურება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში დიდებულად ითამაშა ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 2 სამქულიანი ჩააგდო და ფარქვეშ მოპოვებული მოხსნები გიოტინგენის კალათში ჩააბრუნა. 

სწორედ ფევაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე თსუ 78:75 დაწინაურდა, რასაც მასპინძელთა კალათბურთელების – ბოდი ჰუმეს და დეონდრე ბარნსის 2-ქულიანები მოჰყვა და მასპინძლები დასრულებამდე 100 წამით ადრე კვლავ დაწინაურდნენ – 79:78. აქ კი საბედისწერო შეცდომების გამო თსუ-მ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვეღარ შეძლო. ბოიკინმა სროლა გააცუდა და როცა გიოტინგენელებმა გარბენი გააკეთეს, თამაშის ბოლო წუთი და თსუ-ის შეტევა დაიწყო. ნიკოლა ვუიოვიჩმა საკვანძო შეტევაში ბურთი დაკარგა, ნოდარ გოგოძეს უზუსტო პასი მიაწოდა და მასპინძელთა 3-ფაზიანი შეტევა დაიწყო. გრანტ ანტიჩევიჩმა სამქულიანი ააცილა, აცილებული კარლის სილინსმა მოხსნა და ბარნსმა საშუალო დისტანციიდან შეუტია. ისევ ასცდა და ბურთი ისევ გერმანელებმა მოხსნეს, რის შემდეგაც ფიოდორ ზუგიჩმა სამქულიანი ჩააგდო. შეტევაში მოხსნილი ბურთების წყალობით გიოტინგენის შეტევა 40 (შეტევისთვის 24 წამია გამოყოფილი) წამი გაგრძელდა და მესამე ცდაზე მასპინძლებმა სამქულიანი ჩაგვიგდეს – 82:78 დასრულებამდე 15 წამით ადრე.

ეს ფაქტობრივად გიოტინგენის გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა წუთშესვენებაზე დაგეგმილი არარეალური შეტევა (ერთ შეტევაში 4 ქულის მოპოვება) ტაირი ბოიკინმა რეალობად აქცია. გვერდიდან შემოტანილი ბურთი მან პერიმეტრის ხაზს ზემოთ, ფარისგან ზურგით მყოფმა მიიღო, მყისიერად დატრიალდა და სამქულიანი ისე ესროლა, მეურვე მასზე დაჯარიმდა. ბურთი კალათში ჩაეშვა, ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა და მისი გაბათილების რეალური საშუალება ბოიკინს საჯარიმოს ხაზიდან მიეცა. სამწუხაროდ, ამერიკელმა უკანახაზელმა ბურთი ვერ ჩააგდო და როცა მოხსნა მასპინძლებს დარჩათ, თსუ-მ ტაქტიკური ჯარიმა აიღო. თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე ზუგიჩმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და გიოტინგენი 84:81 დააწინაურა. 

ჩვენებს ჰქონდათ გათანაბრების შანსი, თუმცა ჯინჭარაძე სამქულიანის სასროლად ხელსაყრელ პოზიციაზე ვერ დარჩა და მისი აცილებულის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. თეორიული შანსის მქონე თსუ საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე კვლავ დაჯარიმდა, თუმცა ამით წაგების სხვაობა 3-დან 5-ამდე გაიზარდა – 86:81 (სტატისტიკა) გიოტინგენის სასარგებლოდ. 

ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც თსუ-მ მეტოქეს არაერთ კომპონენტში აჯობა და მაინც დამარცხდა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეზე უკეთესი პროცენტულობით ესროლა როგორც სამქულიანები, ისე მთლიანად თამაშიდან სროლები, თსუ-მ გიოტინგენზე მეტი ბურთი მოხსნა, ხოლო პასებში თანაბრობა იყო. მასპინძლებმა იმარჯვეს იმით, რომ თსუ-ზე 3-ით მეტი საჯარიმო და 4-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს. 

თსუ თბილისში 19 ოქტომბერს, გვიან ღამით დაბრუნდება და 21-ში საქართველოს სუპერლიგის მატჩში კავკასიას დაუპირისპირდება. ფიბა ევროპის თასზე კი ლექსო ლაფანაშვილის გუნდი მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს, თბილისი არენაზე ჩაატარებს.