თსუ გიოტინგენში გიორგი ცინცაძის გარეშე გაემგზავრა

თსუ გიოტინგენში გიორგი ცინცაძის გარეშე გაემგზავრა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ, რომელიც ქართული გუნდებისთვის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროასპარეზზე, გერმანიაში გაემგზავრა. ჰანოვერიდან 100 კილომეტრით დაცილებული მყუდრო, საუნივერსიტეტო ქალაქი გიოტინგენი საკალათბურთოდაც საკმაოდ აქტიურია და ბუნდესლიგაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს, რომელიც ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს.

თსუ ფიბა ევროპის თასზე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და დებულების თანახმად, ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ამ ტურნირსაც ჰქონდა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები პირდაპირ ჯგუფში მოხვდნენ.

4-გუნდიან ჯგუფში გერმანულ გიოტინგენთან ერთად თსუ-ს მეტოქედ იტალიური ვარეზე და კვიპროსული კერავნოსი ჰყავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გერმანიაში პირველი ტურის სათამაშოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდა. გუნდს ვერ გამოჰყვა ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი (216 მატჩი) გიორგი ცინცაძე, რომელსაც დუდუ დადიანის ნახევარფინალში ნატკენი ნეკნი აწუხებს. 

თსუ-ელებმა დაიმატეს ამერიკელი ფორვარდი კამერონ კრენსტონი, რომელიც უნივერსიტეტელებს გერმანიაში ახლავს, თუმცა სავარაუდოდ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ისაა, რომ კრენსტომა ბოლო 4 დღიდან 3 მგზავრობაში გაატარა და თსუ-ს გერმანიაში გამომგზავრების წინა ღამეს შეუერთდა და გუნდთან პირველ ვარჯიშს გიოტინგენში ჩაატარებს.

თსუ გერმანიაში 10 კალათბურთელით ჩავიდა:

ნიკა ჩეჩელაშვილი, ტაირი ბოიკინი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი. 

ლაფანაშვილის გუნდი გერმანიაში 17 ოქტომბერს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ჰანოვერში დილის 11:00 საათზე ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ გიოტინგენში ჩავიდა და სასტუმრო Am Papenberg-ში დაბინავდა. თსუ პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე იმ დარბაზში გამართავს, სადაც ხვალ გიოტინგენს დაუპირისპირდება. 

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.