თსუ-ჰიუნდაიმ კაკტუსს სძლია და ლიდერებში გაერია

თსუ-ჰიუნდაიმ კაკტუსს სძლია და ლიდერებში გაერია

სუპერლიგის მე-4 ტური “თსუ-ჰიუნდაისა” და “კაკტუსის” მატჩით დასრულდა. გათამაშების დებიუტანტმა მეორე ნახევარში გატეხა სუპერლიგაში 3 წლის წინ გადმოსული, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი “კაკტუსი” და ჩემპიონატის ლიდერებში გაერია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა 4 შეხვედრიდან მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილის სათავეში ანალოგიური შედეგის მქონე “ქუთაისს” და “ოლიმპს” შეუერთდა.

“თსუ-ჰიუნდაიმ” საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 89:75 იმარჯვა, თუმცა პირველ ნახევარში უპირატესობა კაკტუსელებს ჰქონდათ და არჩილ ჟღენტის გუნდი საკმაოდ სოლიდურადაც ლიდერობდა. პირველი პერიოდის 20:21 წაგების შემდეგ “კაკტუსმა” სწრაფი თამაშითა და ზუსტი შორი სროლების ხარჯზე მეორე ათწუთეულის 28:18 მოგება მოახერხა და დიდ შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდა – 48:39.

შესვენების შემდეგ თსუ-ჰიუნდაელები სრულიად სხვანაირად მომართულები გამოვიდნენ მოედანზე და მატჩის სცენარი კარდინალურად შეცვალეს. სანდრო სანაძის, კრისტიან ანდერსონის და ჯეიმს მილიკანის პერიმეტრზე აქტიურობას გიორგი კორსანტიას ფარქვეშ ყოჩაღი თამაში ერთვოდა. ახალგაზრდა კორსანტიამ სამწამიანი დაიპყრო და მეორე ნახევარში მან და მისმა მეწყვილე რატკო პეტრიჩმა ფარქვეშ მეტოქე ფაქტობრივად არ შეუშვეს.

შედეგმაც არ დააყოვნა. “თსუ-ჰიუნდაიმ” მყისიერად აღმოფხვრა ჩამორჩენა და მესამე პერიოდის ბოლოსთვის 7 ქულით გალიდერდა. “კაკტუსი” ვერ აღმოჩნდა მზად გამართულად მოთამაშე მეტოქესთან საბრძოლველად და ბოლო პერიოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, არათუ მოსაგებად გაიბრძოლა, კიდევ უფრო ჩამორჩა და საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგო. ბოლო 2-3 წუთს აზრი დაეკარგა და თამაშიც გუნდების ახალბედა, ახალგაზრდა მოთამაშეებმა ჩაამთავრეს. 

გამარჯვებულებს 20 ქულით და 12 მოხსნით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 18 ქულა ჯეიმზ მილიკენმა მოაგროვა, სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ჩიკვილაძე, ენტონი ჯენუარიმ კი 13 ქულა მიითვალა. 

სუპერლიგის მე-5 ტური 14 და 15 დეკემბერს – რუსთავში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. 

თსუ-ჰიუნდაი – კაკტუსი
სტატისტიკა: 89:75