სუპერლიგის ლიდერის პირველი მარცხით ისარგებლა და დღეს, “კაკტუსის” ძლევის შემდეგ თსუ “ქუთაისს” გაუთანაბრდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა – სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ნახევარი 10 ქულით დათმო, თუმცა მეორეში “კაკტუსი” ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საბოლოოდ 18 ქულის სხვაობით – 77:59 (სტატისტიკა) იმარჯვა.
7-დან 7 მოგების მქონე “ქუთაისმა” პირველი მარცხი გუშინ, “ტიტებთან” განიცადა. იმერული კლუბის მდევარმა თსუ-მ ქუთაისელთა წაფორხილებით ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და დღეს ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი “კაკტუსის” ძლევით ლიდერს გაუთანაბრდა. თსუ-ს და “ქუთაისს” 7 მოგება და 1 მარცხი აქვს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე იმერული კლუბი პირველ ადგილზეა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის მოგება იოლად არ მოსულა. საბოლოოდ 18-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა, თუმცა პირველ ნახევარში თსუ-ს საქმე რთულად ჰქონდა. ლაფანაშვილის გუნდს შორი სროლები არ წაუვიდა, ვერც დაცვაში იყოჩაღა და შედეგად 10 ქულით ჩამორჩა. პირველი პერიოდის 13:19 წაგების შემდეგ კაკტუსელებმა გაქცევა მოაწყვეს – ძირითადად კონტრშეტევების ხარჯზე, რაც პერიოდულად საშუალო სროლებს უთავსებდნენ, ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 37:27 იგებდნენ.
15-წუთიანი შესვენება თსუ-მ უკეთესად გამოიყენა. მოედანზე დაბრუნებულმა უნივერსიტეტელებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი, რაც უპირველესად დაცვის შედეგი იყო. სანამ შეტევაში გზა გაეხსნებოდათ, თსუ-ელებმა მთელი მესამე პერიოდი იცადეს, რომლის განმავლობაში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. დასკვნითი პერიოდი უნივერსიტეტელთა სპურტით დაიწყო. გაუვალი დაცვა და სწრაფი კონტრშეტევები – ამ ყველაზე მარტივ და ძნელად შესასრულებელ საკალათბურთო ტაქტიკას ლაფანაშვილის შეგირდები ზედმიწევნით ასრულებდნენ და დარჩენილ დროში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ბოლო პერიოდი თსუ-მ 29:9 (!) მოიგო და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ “კაკტუსს” იმედი გადაუწურა.
თსუ-ში საუკეთესო შედეგი ლოველ ქაბილმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 11 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიხეილ ბერიშვილმა მოინაგრა, ივანე მეგენეიშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. “კაკტუსში” 12 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო ქუენტერიან მაკონიკო. 13 ქულა ანდრე ფოქსის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-9 ტურის ბოლო შეხვედრაში “დინამო” “ვერას” დაუპირისპირდება.