თსუ-მ ქუთაისში დამაჯერებლად იმარჯვა და ფინალურ სერიაში დაწინურდა

თსუ-მ ქუთაისში დამაჯერებლად იმარჯვა და ფინალურ სერიაში დაწინურდა

სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გაიხსნა. მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულის მომგებმა “ქუთაისი 2010”-მა თსუ-ს უმასპინძლა და 20 ქულით დამარცხდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეტოქე ისე დაამარცხეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებიათ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა, რომელმაც თსუ-ს აპრილში საქართველოს თასის ფინალი მოუგო, ამჯერად უშანსოდ დამარცხდა.

რთულია, ზუსტ მიზეზებზე ისაუბრო, მაგრამ ერთი ნაღდია: თსუ ბევრად მოტივირებული იყო. ამას ემატებოდა ქომაგობა, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა და თსუ-ს აქტიურად გულშემატკივრობდა. თსუ-ს სტუდენტები 3 ავტობუსით ესტუმრნენ ქუთაისს და თავიანთ საქომაგო გუნდს სტუმრად ყოფნა არ აგრძნობინეს. დარბაზში უფრო ომახიანად და ორგანიზებულად თსუ-ს ქომაგები იყვნენ, რომლებმაც ისე გალიეთ თამაშისთვის განკუთვნილი დრო, რომ ოდნავადაც არ უნერვიულიათ.

ამის საფუძველი ქომაგებს თსუ-ს მოთამაშეებმა მისცეს, რომლებმაც თავიდანვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და რაც დრო გადიოდა, მთლი პირველი ნახევარი, ლიდერობას ზრდიდნენ. თსუ-ს შეტევაში სულ არ სჭირდებოდა ტანმაღალი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ქუთაისთან ფარქვეშა ბრძოლაში ჩაბმა. პერიმეტრიდან თსუ უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ხოლო მეტოქის მაღლებთან უმეტესად და განსაკუთრებული მონდომებით, დაცვაში პაექრობდა. 

დიდი შესვენებისთვის თსუ 20 ქულას იგებდა და ამ სხვაობით მოიგო მთლიანად მატჩიც – 89:69 (სტატისტიკა). გამარჯვებულებს 22 ქულით დევონტრე ტომასმა ულიდერა. 19 ქულა გიორგი ცინცაძემ, ხოლო 12-12 ალექსანდრე ფევაძემ და გლენ აბრამმა მიითვალეს. ქუთაისელთაგან 19 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია.

სერიის მეორე მატჩი ისევ ქუთაისში, 22 მაისს გაიმართება.