თსუ–მ შსს–ს პირველი მარცხი აგემა

თსუ–მ შსს–ს პირველი მარცხი აგემა

სუპერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდმა მე–8 ტურის ცენტრალური შეხვედრა თსუ–სთან 85:94 წააგო და ლიდერობა დაკარგა. შესაბამისად, გამარჯვებული თსუ ცხრილის სათავეში მოექცა.

შსს–მ აქამდე გამართული ექვსივე მატჩი მოიგო და ცხადია, თსუ–სთანაც
მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდა, თუმცა ნუგზარ ჭეიშვილმა სტუდენტები გამართული ტაქტიკით
ათამაშა და გაუმართლა კიდეც. თსუ–ელთა ტაქტიკა პრესინგის ზღვრამდე მისული
დაცვა იყო, შეტევაში კი სტუდენტების ძირითადი იარაღი სამქულიანები გახლდათ. სწორედ
შორი სროლები იყო ის მთავარი კომპონენტი, რისი წყალობითაც სტუდენტებმა იმარჯვეს.
ჭეიშვილის გუნდმა შესაშური სიზუსტით ისროლა პერიმეტრიდან: 25–დან ჩაგდებული 13
სამქულიანი დიდი უპირატესობაა ნებისმიერი გუნდისთვის და ეს უპირატესობა თსუ–ელებმა
მშვენივრად გამოიყენეს.

მატჩის გმირია თსუ–ს ყველა მოთამაშე, თუმცა გამოსარჩევი მაინც ზურაბ კორკოტაძეა, რომელმაც 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 26 ქულით მატჩის ბომბარდირი
გახდა. შორი სროლებისას სიზუსტე გამოიჩინა თსუ–ს კაპიტანმა მიხეილ ფანჩულიძემაც,
რომელმაც 7–დან 4 სამიანი მიითვალა. გიორგი გაფრინდაშვილი დროულად ამარაგებდა
თანაგუნდელებს პასებით, ხოლო ფარქვეშ სტუდენტებს რიჩარდ მათიაშვილი უმაგრებდა
პოზიციებს. ამ უკანასკნელმა 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით შთამბეჭდავი ორმაგი
დუბლი გაიფორმა.

რიჩარდ მათიაშვილი შსს–ს ფარქვეშ შედის

თსუ–მ პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგო, თუმცა მომდევნო ათწუთეული
ანლოგიური სხვაობით დათმო და დიდი შესვენებისთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო – 41:41.
შსს–ს მოთამაშეები ხელსაყრელი სიტუაციიდან ხშირად აცილებდნენ, რითაც,
ცხადია, თსუ–ელები სარგებლობდნენ და სწრაფი შეტევებით ლიდერობას ინარჩუნებდნენ.
ბოლო მეოთხედი ჭეიშვილის გუნდის 4–ქულიანი ლიდერობით დაიწყო და შსს–ს მწვრთნელი
არჩილ ჟღენტი ყველანაირად ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ტექნიკური წუნი
და დაცვაში მოდუნებული თამაში ამის საშუალებას არ აძლევდა. შსს–მ მატჩის
დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა გაფრინდაშვილის,
ფანჩულიძისა და კორკოტაძის ზუსტი სროლებით თსუ–მ საიმედო ლიდერობა მოიპოვა და
გამარჯვებამდეც მივიდა. 

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა პირველ ადგილზე კი გადაინაცვლა, მაგრამ 1
ქულით ჩამორჩენილ შსს–სა და „არმიას“ სტუდენტებზე თითო თამაშით ნაკლები აქვთ
ჩატარებული.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=312