სუპერლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. სამი ტურის შემდეგ 3 მოგებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ლიდერობს. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა თსუ-მ დღეს, თბილისი არენაზე გამართულ მეორე მატჩში ტყიბულის ორბი დაამარცხა. საბოლოო ანგარიშია 87:78 (სტატისტიკა) – ტყიბულის გუნდმა თამაში ისე წააგო, მისი მოგების შანსი არ მისცემია.
ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი “ორბი” საკმაოდ მებრძოლი გუნდია, რომელმაც წინა ტურში შინ გორის ივერიონი დაამარცხა, მაგრამ დღეს თსუ-სთან ვერას გახდა. მართალია, ტყიბულელებმა თამაში კარგად დაიწყეს და უნივერსიტეტელებს სოლიდურ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, თუმცა თანაბარი სადებიუტო წუთების შემდეგ, პირველი პერიოდის ბოლოს თსუ-მ უპირატესობა მოიპოვა, რაც არაერთი მიზეზით იყო გამოწვეული.
თსუ მეტოქეს ჯობდა ფარქვეშა და სწრაფ თამაშში, ასევე დაცვაში უკეთესად ირჯებოდა და ეს, ცხადია, შედეგზეც აისახა. თუკი პირველი ათწუთეული მხოლოდ 3 ქულით მოიგეს, მეორეში უნივერსიტეტელებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს. პერიოდი ორმაგი ანგარიშით – 30:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდნენ.
მესამე პერიოდიდან ორბმა მეტოქეს კონკურენტუნარიანი ვერაფერი შესთავაზა. მხოლოდ შორი სროლებით კი ორბი ფონს ვერ გავიდა. როცა სამიზნე წაუვიდოდა, გიორგი კობახიძის სროლებით ტყიბულელები ჩამორჩენას მცირედით ამცირებდნენ, თუმცა თსუ-ს მწვრთნელი გონივრულად იღებდა წუთშესვენებებს და ყველა ჯერზე ორბის თამაშის შეტრიალების მცდელობა დასაწყისშივე აღკვეთა.
თამაში თვითდინებით ისე მივიდა დასასრულამდე, თსუ-ს ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. ამაში ლომის წილი მთლიან გუნდს ეკუთვნის და თუ გამორჩევაა, უპირველესად ალექსანდრე ფევაძეზე უნდა ვთქვათ, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 7 მოხსნა კარსონ ბაშამის ანგარიშზეა. 13 ქულა და 9 პასი გიორგი ცინცაძემ მიითვალა. ორბში 23 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით გიორგი კობახიძე გამოირჩა. 18 ქულა დონდრე რედიკის ანგარიშზეა.