სუპერლიგის დაუმარცხებელმა ლიდერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მშრალი სერია შეინარჩუნა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ზესტაფონში დიდი ბრძოლა გადაიტანა ადგილობრივ მარგვეთთან, რომელთანაც მთელი თამაშის მანძილზე აგებდა, ერთხანს, მესამე პერიოდში 22 ქულითაც (37:59) ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და დრამატულ ბოლო წუთებზე გამარჯვებას მიაღწია – 79:76 (სტატისტიკა).
მარგვეთი ლეგიონერების ხარჯზე საკმაოდ გაძლიერდა, ისევე როგორც თსუ. უნივერსიტეტელებმა საკუთარი სიძლიერე მიმდინარე სუპერლიგაში უკვე გამოავლინეს, როცა ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს. მარგვეთმა კი უკვე მესამე შეხვედრა დათმო ბოლო წამებზე. იმერულ კლუბს გადამწყვეტ მომენტში არ უმართლებს, ისე კი არც ერთ მეტოქეს, ვისაც შეხვდა, ტოლი არ დაუდო.
ამ შეხვედრაში თსუ-ს ოთარ ფხაკაძე დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. სრული საბრძოლო შემადგენლობით მყოფი თსუ მასპინძლებთან მთლი თამაშის განმავლობაში აგებდა. მელიქ მარტინის და აკოლ მავიენის მექულეობით ზესტაფონელებს არ უჭირდათ. პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები 8 ქულით იგებდნენ, დიდ შესვენებაზე კი სხვაობა უკვე 13 ქულამდე გაიზარდა.
მესამე პერიოდიდან თსუ-მ თამაშში გარდატეხა შეიტანა, თუმცა სანამ თამაშზე კონტროლს დაამყარებდა, ზესტაფონელთა ლიდერობამ მაქსიმუმს – 22 ქულას მიაღწია. ეს მოხდა მესამე პერიოდის შუაწელში (59:37), რის შემდეგაც საქმეში თსუ-ს გამოცდილი მოთამაშეები – გიორგი ცინცაძე და ალექსანდრე ფევაძე ჩაერთნენ, რომლებსაც ამერიკელი ლეგიონერები ეხმარებოდნენ. მესამე პერიოდის ბოლომდე უნივერსიტეტელებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში შტურმისთვის მოემზადნენ.
თსუ-მ შედეგიანი თამაში გააგრძელა, თუმცა მარგვეთი ლიდერობას არ თმობდა. დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძლები 7 ქულას იგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი იერიშისას თსუ-მ მოახერხა წინ გასვლა, რაც დევონტრე ტომასის დამსახურებაა. ამერიკელმა უკანახაზელმა ზედიზედ 6 ქულა ჩააგდო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეკვეცა – 70:73. შემდეგ საქმეში კარსონ ბაშამი ჩაერთო და ზედიზედ 2 ორქულიანით თსუ 74:73 გაალიდერა. ბოლო წუთები ქულა-ქულაში წარიმართა და დადგა გადამწყვეტი მომენტი. თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენამდე 10 წამი რომ რჩებოდა, მასპინძლები ბაშამზე არასპორტულად დაჯარიმდნენ. თსუ-ს ცენტრმა 1 საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ შეტევაში კი გიორგი ცინცაძე დადგა საჯარიმოს ხაზზე და ორივე სროლა გამოიყენა – 79:76.
დარჩენილ 4 წამში მარგვეთმა მოახერხა სამქულიანის ჩაგდება, მაგრამ რაჰსან ედვარდსის ნასრლი ბურთი რკალიდან ასხლეტით ფარის თავზე დამონტაჟებულ 24 წამის მთვლელ მოწყობილობას მოხვდა და კალათში ისე ჩაეშვა. გამთანაბრებელი ბურთი, ცხადია, არ ჩაითვალა და თსუ-მ 3 ქულით გაიმარჯვა.
უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 21 ქულა, 19 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. კარსონ ბაშამმა 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. დევონტრე ტომასის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. ზესტაფონელთაგან 22 ქულით, 15 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო მელიკ მარტონი. მავიენის ანგარიშზე 18 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
ასე და ამგვარად დასრულდა მე-4 ტური. დღესვე გაიმართება მე-3 ტურის გადადებული შეხვედრა – რაში თბილისი არენაზე ქუთაისს უმასპინძლებს.