თსუ ფიბა ევროპის თასზე ვარეზესთან სათამაშოდ იტალიაში ჩავიდა

თსუ ფიბა ევროპის თასზე ვარეზესთან სათამაშოდ იტალიაში ჩავიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში ჩავიდა, სადაც ფიბა ევროპის თასის მე-3 ტურის მატჩში “ვარეზეს” დაუპირისპირდება. იტალიურ კლუბს თსუ-ის მსგავსად თითო მოგებ-წაგება აქვს და სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. 

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვება წინა ტურში, თბილისში, კვიპროსულ კერავნოსთან მოიპოვა, თუმცა თსუ გამარჯვებასთან ახლოს პირველ ტურშიც იყო, როცა გერმანიაში გიოტინგენთან ბოლო წამებზე, დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

თსუ იტალიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. გუნდს ვარეზეში ვერ გაყვა ტრავმირებული ტაირი ბოიკინი, რომელმაც ნატკენი საზარდული სუპერლიგის გასულ ტურში, ტყიბულის ორბთან კიდევ უფრო დაიზიანა. ვარეზეში თსუ ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ცინცაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი. 

თსუ ბერგამოში სტამბოლის გავლით ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მყუდრო ქალაქ ვარეზეჩი ჩავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სასტუმრო UNAHOTELS-ში დაბინავდა, საიდანაც Itelyum არენა, სადაც ფიბა ევროპის თაისის მატჩი შედგება, ავტობუსით 10 წუთის სავალია.

თსუ დროში შეზღუდულია. ვარეზეში დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩავიდა და პირველ ვარჯიშს საღამოს, 20:30 საათზე გამართავს. ეს იქნება ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის გენერალური ვარჯიში, რადგან ხვალ თამაშის დღეა და უნივერსიტეტელები მხოლოდ დილის მოთელვას გაივლიან. 

ვარეზესა და თსუ-ის მატჩი ვარეზეს Itelym არენაზე, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებთ FIBA-ს Youtube არხზე არმოდგენილ ამ ბმულზე: www.youtube.com/live/8510xpEc7is?si=tOitJS1KriqDAC7L